Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოზე იმსჯელებენ


8 აგვისტოს, ნიუ-იორკში გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიცაა. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ აცნობა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ.

7 აგვისტოს, კახა იმნაძე შეხვდა გაეროს წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებს და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე ესაუბრა.

„რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა, კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში" - განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა.

კახა იმნაძის თქმით, მიუხედავად დაბრკოლებებისა, საქართველო განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას. ელჩმა ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომლის მიზანია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისება.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ შეერთებული შტატების, ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ესტონეთის, თურქეთის, ირლანდიის, კანადის, ლიეტვუის, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინისა და შვედეთის წარმომადგენლები. ისინი გმობენ რუსულ ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს წესდებას და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG