Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია მოითხოვს ოთხოზორიას მკვლელის  საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემას


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა წერილობითი არგუმენტაცია საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ 2016 წლის 19 მაისს, ე.წ. აფხაზმა მესაზღვრის, რაშიდ კანჯი-ოღლის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე.

ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ - მომჩივნები აცხადებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილები.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო 2018 წლის 8 ნოემბერს, და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

საიას ცნობით, რუსეთის ფედერაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს, რომელმაც თავი დააღწია საქართველოს აგრესიას და თვითგამორკვევის გზით გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას ,“აფხაზეთის რესპუბლიკაზე“, ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში, ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საიამ და EHRAC-მა მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას.

საიას განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და დაავალა რუსეთის ფედერაციას, წარმოედგინა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლები. თუმცა, რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა შეფასებით“, ეს არღვევს კონვენციის 38-ე მუხლს. მომჩივნები ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ითხოვენ ევროპულმა სასამართლომ მიუთითოს რუსეთის ფედერაციას კონკრეტულ ზომებზე, რომლის მიღებაც საჭიროა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავე პირების დასჯისთვის.

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას, მომჩივნები შუამდგომლობენ ევროპულმა სასამართლომ დაავალოს რუსეთის ფედერაციას რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემა, რათა მოხერხდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულება“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

საიას შეფასებით, გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია პრეცედენტული მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG