Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC  საქართველოს რკინიგზას: დაიწყეთ მოლაპარაკებები პროფკავშირთან


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) მოუწოდებს „საქართველოს რკინიგზას“, დროულად დაიწყოს მოლაპარაკება რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან და ჩაერთოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო მედიაციის პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც ჩიხში შესული პროცესი შესაძლოა გაფიცვით დასრულდეს, რაც რკინიგზის პარალიზებას გამოიწვევს.

საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულები ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ ძირითად პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის, რომელთა ხელფასიც 1500 ლარს არ აღემატება. თუმცა, EMC-ის ცნობით, ამ დრომდე ვერ ხერხდება მოლაპარაკებების დაწყება პროფკავშირისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის.

2019 წლის 9 ივლისს, დავის მოგვარების მიზნით, რკინიგზის ახალმა პროფკავშირმა, რომელიც რკინიგზაში დასაქმებულ 1000-მდე ადამიანს წარმოადგენს, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა პროცესში მედიატორის დანიშვნის თაობაზე. მართალია, 22 ივლისს, სამინისტრომ შემათანხმებელი პროცედურის დასაწყებად დანიშნა მედიატორი, რომელიც შეხვდა პროფკავშირის წარმომადგენლებს, თუმცა ვერ მოახერხა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლობასთან შეხვედრა, რის გამოც 31 ივლისს შეწყვიტა მედიაციის პროცესი.

მედიაციის წარუმატელი მცდელობის გამო კი, 10 აგვისტოს რკინიგზის ახალი პროფკავშირი გაფიცვის თარიღის დასახელებას გეგმავს.

EMC-ს ცნობით, რკინიგზაში დასაქმებულებს ხელფასი ბოლოს 2014 წელს, გაფიცვის შედეგად გაეზარდათ. ხოლო დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი 2012 წლიდან არ მომატებია. დასაქმებულთა ერთ-ერთ მთავარ წუხილს ხელფასების უსამართლო გადანაწილებაც წარმოადგენს. რკინიგზის ახალი პროფკავშირის ინფორმაციით კი, იმ დასაქმებულთა ხელფასები, რომლებიც რკინიგზის მუშაობას უზრუნველყოფენ, დაახლოებით 300-დან 1000 ლარამდე მერყეობს, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასი 900-დან 8000 ლარამდეა. პროფკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ადმინისტრაციის კადრები გაბერილია და რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება.

საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლების მხრიდან მოლაპარაკებებზე უარის გამო, დასაქმებულების ერთადერთ გამოსავალად გაფიცვა რჩება, რაც სავარაუდოდ, რკინიგზის სრულ პარალიზებას გამოიწვევს.

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი ინიციატივით ხელახლა დანიშნოს დავის მედიატორი; უზრუნველყოს მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების პროცესი და დავის ორივე მხარის მონაწილეობა მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებში. ასევე, იზრუნოს კოლექტიური შრომითი დავის მედიაციის მექანიზმის დახვეწაზე, რათა ის დასაქმების ადგილზე დავის მოგვარების ეფექტური მექანიზმი გახდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG