Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ეკა მესხიძეს მედიასაშუალებებით გაკეთებული ზოგიერთი განცხადების უარყოფა დაევალა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი ეკა მესხიძის წინააღმდეგ, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. პაპუნა უგრეხელიძე მოითხოვდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფას.

ეკა მესხიძეს სასამართლომ საჯაროდ გაკეთებული იმ განცხადებების უარყოფა დაავალა, სადაც იგი სექსუალური შევიწროების ისტორიას ყვებოდა. მათ შორის, მსხვერპლი მასზე განხორციელებულ შევიწროებას აფასებდა როგორც მასზე მომხდარ (ფსიქოლოგიურ) ძალადობას.

პაპუნა უგრეხელიძე ამ გადაწყვეტილებას პრეცედენტულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ მიმართული ძალიან ბინძური კამპანია პოლიტიკური აქცენტებით და შანტაჟის ელემენტებით.

სასამართლომ მოპასუხე მესხიძეს დაავალა მის მიერ ერთი წლის წინ წარმოებული ბინძური კამპანიის უარყოფა და დაახლოებით, 5 ტელევიზიაში დაევალა საჯაროდ უარყოს მისივე ინფორმაცია, რასაც ერთი წლის წინ ავრცელებდა“, - განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.

საია, რომელიც ეკა მესხიძის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან მისი თანამშრომლის შევიწროება და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სახალხო დამცველმა 2017 წლის 03 მაისს დაადგინა. სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძე ეკა მესხიძის მიმართ იყენებდა ფამილიარულ ტერმინოლოგიას, მუქაროს შემცველ სმს ტექსტებს და ა.შ.

სასამართლოს 9 აგვისტოს გადაწყვეტილება საიას დაუსაბუთებლად მიაჩნია და ორგანიზაციის განცხადებით, ქმნის იმის საფრთხეს, რომ მსხვერპლებმა სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ. საია გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საიას განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მსხვერპლის მიერ გავრცელებული ცნობების ნაწილი შეიცავდა აზრებსა და შეფასებებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. რაც შეეხება ფაქტებს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ეკა მესხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე.

2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე მისმა ყოფილმა თანმშრომელმა, ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. უგრეხელიძემ პოსტი საკუთარი განცხადებით დატოვა. სასამართლოში კი 14 ივნისს იჩივლა.

*შენიშვნა:

ახალი ამბის სათაურში დაშვებული იყო უზუსტობა, რის გამოც შევიტანეთ ცვლილება. სათაურის თავდაპირველი ვერსია იყო: "პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი დაკმაყოფილდა: ეკა მესხიძეს სექსუალური შევიწროების თაობაზე ბრალდებების უარყოფა დაევალა"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG