Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მათიკაშვილი: გამოძიების კითხვებს ყველამ პასუხი უნდა გასცეს, ნიკა გვარამია გამონაკლისი არ არის


დავით მათიკაშვილი
დავით მათიკაშვილი

თუ ვინმეს მიმართ კითხვები წარმოიშვა, ყველამ პასუხი უნდა გასცეს. ეს იქნება ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა. მისი შეფასებით, ერთგვარი ტრენდია შექმნილი, როცა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ ნიადაგს უკავშირებენ.

„პოლიტიკური საკითხების ძებნა საჭირო არ არის. კითხვებს პასუხი უნდა გასცეს როგორც ნიკა გვარამიამ, ასევე ნებისმიერმა პირმა, ვისთანაც გამოძიებას კითხვები ექნება. ინდულგირებული არავინ უნდა იყოს იმით, რომ თუნდაც, ტელევიზიის ხელმძღვანელს წარმოადგენდა ცოტა ხნის წინ. გამოძიების კითხვებს ყველამ პასუხი უნდა გასცეს და ნიკა გვარამია გამონაკლისი არ არის”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა. მისი შეფასებით, პარლამენტის ვალია გამოძიებაზე დაკვირვება, გამოძიება კი გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, რათა კითხვები არ გაჩნდეს საგამოძიებო პროცესზე.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წარდგენის დადგენილება 9 აგვისტოს გამოიტანა. დადგენილების თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია". კერძოდ, გამოძიების თანახმად, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა“.

ნიკა გვარამია ბრალის წარსადგენად გენერალურ პროკურატურაში 9 აგვისტოს 19 საათზეა დაბარებული.

ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG