Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქრაძე: ხელისუფლება რეპრესიებით და "მტკიცე ხელით" ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ამ ქვეყანაში, სადაც მარტო წელს, 6 თვეში 735 მილიონი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია - ხელფასებში, სადაც ათეულობით მილიონი ლარი ბიუჯეტის ფული, ხალხის ფული იფლანგება არამიზნობრივად, კორუფციაში, ნეპოტიზმში და ტენდერებში, კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის ბრალის წაყენება კომერციული კომპანიის საქმიანობაზე, ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი", - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისი შეფასებით, ბრალდების დადგენილების გამოტანა ნიკა გვარამიას მიმართ არის პირადი შურისძიება და იმის მცდელობა, რომ ხელი შეეშალოს ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას.

„მოდი შევხედოთ პროცესს დინამიკაში, დღეს ბრალი წაუყენეს „რუსთავი 2“-ის დირექტორს, გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ „ტვ პირველის“ მფლობელი, წინა კვირაში ბრალი წაუყენეს ქვეყნის ორ უმსხვილეს ბიზნესმენს, იმის წინ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, მანამდე იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წაუყენეს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას. ყველაფერი ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ვერ შეძლებს, სინამდვილეში ის მხოლოდ ამთავრებს და აჩქარებს „ქართული ოცნების“ დასასრულს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წარდგენის დადგენილება 9 აგვისტოს გამოიტანა. დადგენილების თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია". კერძოდ, გამოძიების თანახმად, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა“.

ნიკა გვარამია ბრალის წარსადგენად გენერალურ პროკურატურაში 9 აგვისტოს 19 საათზეა დაბარებული.

ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG