Accessibility links

ახალი ამბები

მარია ზახაროვა მითს უწოდებს რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრების შეცვლას

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსი მესაზღვრეები „სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვარზე“ არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებენ.

სააგენტო „ტასს“ მოჰყავს ზახაროვას სიტყვები, რომ „რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ 2009 წლის 30 აპრილის ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად და ორი ქვეყნის საზღვარზე არანაირ სამუშაოებს არ ატარებენ.“

ზახაროვას მტკიცებით, საზღვრის მოწყობის ღონისძიებებს გეგმის მიხედვით ახორციელებს სამხრეთოსური მხარე და ამის მიზანია „ორი მეზობელი ქვეყნის მცხოვრებთა უსაფრთხო და უკონფლიქტო ცხოვრების პირობების შექმნა.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქართული და დასავლეთის მედიასაშუალებები და პოლიტიკოსები გააკრიტიკა იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს და კვლავ ცდილობენ ე.წ. ბორდერიზაციის კარტის გათამაშებას.

ზახაროვამ მითი უწოდა იმას, რომ რუსეთი საზღვარს ცვლის და საქართველოს ტერიტორიის სიღრმისკენ მიიწევს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში 7 აგვისტოს დადგეს ძელები, სადაც ე.წ. სასაზღვრო ღობის, ან მავთულხლართების გავლებას აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი

თეა წულუკიანმა ომბუდსმენის ანგარიში შესასწავლად პროკურატურას გაუგზავნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს უპასუხა ციხეებში არსებული ე.წ. კრიმინალური სუბკულტირის არსებობის შესახებ დასმულ საკითხთან დაკავშირებით. თეა წულუკიანმა ერთგვარი ირონიით მადლობა გადაუხადა ნინო ლომჯარიას იმის გამო, რომ სპეციალურ ანგარიშშიე.წ. სუბკულტურაზე მოყვანილი მაგალითები პირადად მას არ დაუკავშირა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ომბუდსმენს, იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფორმა საკითხი ისე, თითქოს საქართველოში სუბკულტურა ვითარცა ძველი დროის ურდო მაშინ შემოესია ქვეყანას, როდესაც მე შევიერთე პარლამენტის გადაწყვეტლებით პენიტენციური სისტემა“,- განაცხადა თეა წულუაკინამა.

მისი სიტყვებით, უჩნდება ეჭვი, რომ სუბკულტურაზე საუბარისახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სწორედ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში სპეცილაურად დაწყო, ვინაიდან დაესვა კითხვები მისთვის და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში „რაღაც ისე არკეთდება, როგორც უნდა გაკეთდეს“.

თეა წულუკიანის სიტყვებით პატიმრებში ამ ანგარიშს გაკვირვება მოჰყვა.

„რამდენიმე პატიმარმა მოგწერათ წერილი, 11 დეკემბერს და როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე,რომ თურმე, წერილებზე პასუხს არ იღებთ , ეს არის 11 დეკემბრის წერილი და კეთილი ინებეთ და გაეცით პასუხი... ესენი არიან პატიმრები, რომლებიც იხდიან სასჯელებს და რომლებიც არიან, ჩემი ძალისხმევით, სანამ იხიდან სასჯელს, იუსტიციის სამინისტროს დასამქებული პირები“, -უთხრა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას.

მის სიტყვებით, ამ 11 პატიმრისვიდეო კადრები გაავრცელა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, მას დაურთო სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, და თქვეს, რომ ეს ადამიანები არიან სუბკულტურის წარმომადგენლები და „ეს პატიმრები თქვენ გთხოვენ, რომ დაიცვათ მათი უფლეები“.

„მე მჯერა, რომ თქვენ ამ პატიმრების ომბუდსმენი ხართ... [გაეცით] პასუხი, როგორ იცავთ ყველას უფლებებს და როგორ ცდილობთ იყოთ ყველას ომბუდსმენ. გავიგე რომ უვადო პატიმრებს არ ხვდებით და მათი პრობლემები, თქვენ პირადად, ალბათ გაინტერესებთ, მაგრამ შორიდან. გავიგე, რომ სნეულ პატიმრებთან არ დადიხართ, თუ ის ბატონი მამალაძე არ არის. გავიგე, რომ არ დადიხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ყოფილ ძალოვანებთან თუ ის მირზა სუბელიანი არ არის,“ - მიმართა თეა წულუკიანმა ომბუდსმენს.

რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ ნახსებენ ე.წ. ციხის მაყურებლების თემას, თეა წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის ტრიბუნიდან დაახლოებით 15 -წუთიან გამოსვლაში ვერ ახსნა რა არის ეს.

„თუ თქვენ გულისმობთ, რომ როდესაც, ე.წ. ზონებში დილითგაიღება საკნების კარი და ეზოში გამოდის 2 ათასი ან მეტი პატიმარი, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობენ და იქ ზოგიერთი პატიმარი ცდილობს სხვებზე დაამყაროს გავლენა, მოიპოვოს მათზე გავლენა ან აიძულოს სხვები, რომ მოიქცნენ ისე როგორც მას წარმოუდგენია, თუ ამაზე საუბრობთ, მაშინ ამ ანგარიშში უნდა ყოფილიყო ციფრებიც“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი სიტყვებით ვითარება პენიტენციურ დაწესებულებეში არის შემდეგი - როგორც კი ამგვარ ე.წ „ზონეში“ პატიმარი დააპირებს გააკონტოლოს სხვა პიტიმრის ქცევა ან ფულის შეგროვებას გაბედას. ასეთი პატიმარი დასჯის მიზნით დახურულ დაწესებულებაში გადაჰყავთ.

2019 წელს ე.წ. „ზონიდან“დახურულ დაწესებულებაში გადაიყვანეს 11 ასეთი პატიმარი.

„ვინმე დავითი, გიორგი, ლაშა, დათო, აკაკი, ბაჩანა, ჯაბა, გიგა, რამაზ, პაატა.ესენი ხომ არ არიან ვირტუალური ადამიანები ან მოჩვენებები? ესენი არიან კონკრეტული სრულწლოვანი მამაკაცები, რომლებაც გადაწყვიტეს, რომ აკონტროლონ. თქვენ კი ანგარიშში ამბობთ, რომ ადმინისტრაცია ამას არ ებრძვისო და ლამის იმაში გვადანაშაულებთ, რომ ჩვენ ასეთ ხალხთან შეიძლება ვიყოთ შეკრული, მაშინ დაასახელეთ კონკრტუელად ვინ არის შეკრული და პროკურატურას მიმართეთ“,- უთხრა ტეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას.

თეა წულუკიანის განცხადებით, მან სახალხო დამცველის ანგარიში პროკურატურაშიგაგზავნა გამოძიების დაწყების მიზნით, ვინაიდან ანგარიშში საუბარია დანაშალებრივ ინფორმაციაზე და საუბარი არ არის კონკრეტულ გვარებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.

ნათია თურნავა: დადებითად შევხვდებით, თუ რუსეთთან ფრენები აღდგება

ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საღი აზრიდან გამომდინარე აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვას მოხსნის. ჟურნალისტებთან კომენტარში ნათია თურნავამ განაცხადა, რომ შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოში რუსი ტურისტები სახმელეთო გზითა და არაპირდაპირი ფრენებით მაინც ჩამოდიან:

„ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუ ეს სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და ფრენები აღდგება. იგივე წლის შედეგებმა დაგვანახა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის რუსი ტურისტებიც ჩამოდიან სხვა გზებით, სახმელეთო გზით ან არაპირდაპირი ფრენებით. მართალია, მათ გაურთულდათ ჩამოსვლა, მაგრამ მაინც ჩამოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბაბი, რის გამოც აკრძალვა მოხდა, ანუ უსაფრთხოების თემები, აღარაა დღის წესრიგში.

თვითონ რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა. არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ საღი აზრიდან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, მიხვდებიან, რომ ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს“, - განაცხადა თურნავამ.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

გიორგი გახარია დავოსში შეხვდა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტებს

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვეიცარიის ქალაქ დავოსში შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პირველ ვიცე-პრეზიდენტ იურგენ რიგტერინკს და ვიცე-პრეზიდენტ ალან პილუს. შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მოჰყავს იურგენ რიგტერინკის სიტყვები, რომ საქართველო ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის საუკეთესოა და EBRD-ს მოსწონს რეფორმების უწყვეტი მიმდინარეობა: „ძალიან ვამაყობ, რომ 2019 წელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგების მიხედვით ჩვენთვის საუკეთესო წელი იყო. თითქმის 300 მილიონის კაპიტალდაბანდება მოვახდინეთ და ჯამში დაახლოებით მილიარდიანი საკრედიტო პორტფელი გაგვაჩნია. ამდენად, უნიკალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და თან ჩვენი ინვესტიციების 70% კერძო სექტორშია ჩადებული“.

გიორგი გახარიას განცხადებით, EBRD საქართველოს განვითარების ძლიერი მხარდამჭერია და მთავრობა შესაბამისად აფასებს მასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია და მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე, ქვეყანას აძლევს განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა EBRD-ის როლს ეროვნული ენერგოეფექტურობის სტრატეგიის შექმნაში და განსაკუთრებულ წვლილს განათლების სექტორში.

კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებულია ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმაა.

ილიას უნივერსიტეტმა დაადასტურა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორის პლაგიატი

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 პროცენტის მოცულობითაა დადასტურებული.

ეს დასკვნა პროფესორმა მისი მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.

„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.


სწორედ ამ მასალის გამოქვეყნების საფუძველზე ითხოვა იაგო კაჭკაჭიშვილმა უნივერსიტეტის საექსპერტო დასკვნა.

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“, - წერია ოფიციალურ დოკუმენტში.

სადისერტაციო ნაშრომის შესახებ საექსპერტო დასკვნის შინაარსს რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს ილიას სახელობის უნივერსიტეტიც.

თეა წულუკიანი ომბუდსმენს: იმდენად ავღელდი, რომ მჭირდება დეესკალაციის ოთახში მოთავსება

„ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი იმგვარი რამ, რაც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტში ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

თეა წულულიანის განცხადებით, 2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 9 ათას 762 პირი, აქედან მსჯავრებულია7 ათას 968, ხოლო დანარჩენი 1800-მდე პირი ბრალდებულია და ელოდება განაჩენს.

მსჯავრდებულთაგან 308 ქალია, 33 არასწრულწლოვანი. 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი. ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144, 2011 წელს - 140, ხოლო 2013-18 წლებში საშუალოდ არ აღემატებოდა 20-ს. შარშან ეს რიცხვი იყო 16.

„ეს რიცხვი არის მინიმალურ ზღვარზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვამბობთ ანგარიშში, რომ პატიმრები არიან ყოველდღიური საფრთხის წინაშე, რატომაა ეს რიცხვი ასეთი დაბალი, ალბათ იმიტომ, რომ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან სახალხო დამცველს დაწესებულების სახელწოდების წარმოთქმასთან დაკავშირებითაც მისცა შენიშვნა და აღნიშნა, რომ „ამ დაწესებულებას არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და ამიტომ გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთი ოფიციალური, მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ“.

ამასთან, თეს წულუკიანმა სახალხო დამცველს საპატიმრო დაწესებულებებში ვიზიტების სიმწირეც შეახსენა.

„თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მეორე წელი, მესამე წელი დაიწყო, ასრულებს თავის ფუნქციებს, ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს ქალბატონი ნინო თავად ბრძანდებოდა საპატიმროში სულ 4-ჯერ, მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა 1 პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინახულა # მე-7 დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი - გახსნამდე, ანუ პატიმრები არ უნახავს. შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია # მე-9 დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მან მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. ეს არის სულ 2018 წელს. 2019 წელს ქალბატონ ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის 0. 2020 წელს გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარია არ დადის საპატიმროებში, მისი მოადგილე ხშირად ამოწმებს დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მაგრამ, მისი პირადი მოსაზრებით, როდესაც „პატიმარი დაჟინებით ითხოვს ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენი ციხეში პირადად უნდა დადიოდეს“.

მისი სიტყვებით, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს „პროფესიული მოთხოვნილება, იაროს ციხეში და შეხვდეს პატიმრებს და დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამავე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას წარადგენს.

ნინო ლომჯარია: ციხის კრიმინალური სუბკულტურის გავლენა დღესაც აქტიურად გამოიყენება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

„პენიტენციარულ დაწესებულებებში ციხის კრიმინალური სუბკულტურის გავლენა სხვადასხვა გამოვლინებებით არსებობს, რა თქმა უნდა, უკვე რამოდენიმე ათეული წელია, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც აქტიურად გამოიყენება და გულისხმობს ე.წ. მაყურებლების მიერ წესრიგის შენარჩუნებას“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

ლომჯარიამ კომიტეტს წარუდგინა ანგარიში მეორე, მერვე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წლის ზაფხულში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.

სახალხო დამცველის შეფასებით, „დაწესებულებებში არ არის ძალადობისაგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობაში, რომელიც პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი ხშირად ხდება“.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშსაც, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებაში არსებობს პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე დაფუძნებული, განსაკუთრებით სახიფათო ურთიერთობები და ადმინისტრაცია თავად აღიარებს, რომ ე.წ. მაყურებლებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას აქვს ადგილი, წესრიგის და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

„სამწუხაროდ, პენიტენციარულ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და ის, სინამდვილეში, ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან ან თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში უაღრესად დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება დააყენოს იქ არსებული უსაფრთხოება, პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა გაიხსენა 2015 წელს, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმრის მიმართ „პრივილეგირებული პატიმრების“ მხრიდან ძალადობა, რომელიც საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა წამებად შეაფასეს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, წესრიგის და უსაფრთხოების კუთხით რისკი კიდევ უფრო მეტია ნახევრად ღია დაწესებულებებში, ე.წ.ზონებში, სადაც ე.წ. მაყურებლები იმყოფებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ არაფორმალურ წესებს.

ლომჯარიას ინფორმაციით, მე-14 და მე-15 დაწესებულებებში პატიმრებთან გასაუბრების დროს, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს კორპუსში და ეზოში დაყვებოდა მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფი და სხვა მსჯავრდებულებს არ აძლევდნენ გულახდილად საუბრის საშუალებას.

სახალხო დამცველის თქმით, მონიტორინგით დადგინდა, რომ არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად, გამოიხატება გამოძალვაში, დამცირებასა და გარიყვაში.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიიღეს ინფორმაცია, რომ დახურული ტიპის მეორე დაწესებულებაში, სადაც პატიმრები 23 საათის განმავლობაში საკანში იმყოფებიან, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებოან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. საერთოს, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურადაც უსწორდებიან.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მერვე დაწესებულებაში არიან ადმინისტრაციასთან დაახლოებული მსჯავრდებულები, რომლებსაც გარკვეული გავლენა აქვთ პატიმრებზე და საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაცია მათ იყენებს პატიმრებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად - შიმშილობის დაწყების, საჩივრის დაწერის, ან სხვა ფორმით უკმაყოფილების გამოხატვის და კონფლიქტური სიტუაციების დროს.

სახალხო დამცველის შეფასებით, არაფორმალური მმართველობის დაძლევა მოითხოვს მრავალკომპონენტიანი სტრატეგიის შემუშავებას, სახელმწიფომ პირველ ყოვლისა, უნდა აღკვეთოს არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირება და შეასრულოს წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება.

"და ჩვენ ვიცეკვეთ" შვედეთის კინოფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედური ფილმის ყოველწლიურ ფესტივალზე „The Guldbagge Awards, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მთავარი ჯილდო მიიღო.

კინოფესტივალზე ფილმი სულ 4 ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებულად. მათ შორის კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის შვედეთის მთავარი კინოჯილდოს მფლობელი გახდა მსახიობი ლევან გელბახიანი. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამარჯვებულია ასევე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო ოპერატორის კატეგორიაში.

შვედურ-ქართულ-ფრანგული დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ფილმია. ის მოგვითხრობს ქართული ნაციონალური ანსამბლის გეი მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებისა და მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

„The Guldbagge Awards” შვედეთის მთავარი კინოდაჯილდოებაა. იგი 1964 წლიდან ტარდება.

საქართველოს პარლამენტის წევრები ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრნენ ოკუპაციის შედეგებზე

მავთულხლართები ხურვალეთთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ბრიუსელში შეხვდნენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალას.

პარლამენტის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ოკუპირებულ ახალგორში გადასასვლელის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს და "ბორდერიზაციის" უკანონო პროცესს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია გაძლიერდეს საერთაშორისო საზოგადოების, პირველ ყოვლისა, ევროკავშირის ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. კახა კუჭავამ და ირაკლი ბერაიამ ხაზი გაუსვეს, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი.

საქართველოში ვიზიტს იწყებს ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი

დღეს, 21 იანვარს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი.

ორდღიანი ვიზიტისას სტეფ ბლოკი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეებთან ერთად ჩავა სოფელ ოძისში, სადაც საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას გააცნობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი და სტეფ ბლოკი განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. შეხვედრის შემდეგ მინისტრები პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 10 წელია ნიდერლანდის სამეფოს საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი თბილისში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა და სტეფ ბლოკის ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი დინამიკის გაგრძელებას, რასაც ხელი შეუწყო გასულ წელს, ნიდერლანდის სამეფოში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტმა.

აშშ-ის სენატში განახლდება პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის განხილვა

21 იანვარს აშშ-ის სენატში გაგრძელდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხის განხილვა.

ერთი დღით ადრე, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის მემორანდუმი, რომლის თანახმად, სენატის განხილვის საგნად ქცეული იმპიჩმენტის მუხლები ამერიკის კონსტიტუციის და დემოკრატიული ინსტიტუტების შეურაცხყოფაა.

დოკუმენტის მიხედვით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების აშკარად პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი იმპიჩმენტის მუხლები სენატმა უნდა მოხსნას, რადგან ეს პროცესი აუფასურებს იმპიჩმენტის უდიდეს ძალას. მემორანდუმში ნათქვამია, რომ პროცესში, რომლის შედეგი იყო იმპიჩმენტის მუხლების ინიცირება, დაირღვა სამართლიანობის ყველა პრინციპი და პრეცედენტები, რაც 150 წლის განმავლობაში დაცული იყო იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ამისა, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა მხოლოდ იმის დამტკიცება შეძლეს, რომ პრეზიდენტს დასაგმობი არაფერი გაუკეთებია.

დონალდ ტრამპის იურისტების მიერ სენატისთვის წარდგენილ 110-გვერდიან დოკუმენტში დემოკრატების მიერ პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდებები შეფასებულია როგორც პოლიტიკური, ზედაპირული და საშიში. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ბრალდება არ შეიცავს ტრამპის მიერ კანონის დარღვევის მტკიცებულებებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, 18 დეკემბერს, ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და კონგრესის მუშაობისთვის ხელისშეშლის მუხლებით.

დემოკრატები დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ უფლებამოსილების პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში. დემოკრატების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოითხოვდა სავარაუდო კორუფციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ და ამას უკავშირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას. აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან 2019 წლის დასაწყისამდე იყო უკრაინაში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

იმპიჩმენტის საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტს სენატი, სადაც უმრავლესობა აქვთ დონალდ ტრამპის თანაპარტიელ რესპუბლიკელებს.

აშშ-ის სენატში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესი 16 იანვრიდან დაიწყო, როცა კონგრესის ზედა პალატაში საჯაროდ წაიკითხეს იმპიჩმენტის შესახებ ორი მუხლი. პროცესს მოსამართლე ჯონ რობერტსი ხელმძღვანელობს.

დეპუტატის მიმართ მუქარაში ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ვახტანგ რობაქიძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

ვახტანგ რობაქიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან 14 იანვარს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 20 იანვარს „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ პოლიციელმა მუცელში დაარტყა. იმავე დღეს რობაქიძის ადვოკატმა მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვის შემდეგ, გვიან ღამით, ვახტანგ რობაქიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის დასმული შეკითხვები საქმეს ეხებოდა: „ჩემ დაზიანებებს ეხებოდა ეს კითხვები, ჩემს მიერ სამართალდარღვევის ფაქტებს ეხებოდა ეს კითხვები. დეტალურად გადავეცი ის ინფორმაცია, ის მასალები, რაც ჩემი აზრით, საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ობიექტური გამოძიება დადგეს ამ საქმესთან დაკავშირებით“. რობაქიძის ინფორმაციით, ვიზუალურად შეძლებს ამოიცნოს პირი, რომელსაც ბრალს ძალადობაში სდებს. მისივე განცხადებით, დღეს, 21 იანვარს, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზას ჩაიტარებს.

პოლიციამ ვახტანგ რობაქიძე 14 იანვარს დააკავა, რასაც წინ უძღოდა დაბა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ინციდენტი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაფეში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოიჩინა, შეურაცხყოფას აყენებდა და „გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მიახლოებას“, თუმცა, ეს აღიკვეთა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

ვახტანგ რობაქიძე, რომელიც თავდაპირველად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, აცხადებს, რომ ოხანაშვილს მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი უწოდა. რობაქიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მუქარის მუხლითაა აღძრული. 19 იანვარს, ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს აღკვეთის ღონისძიებად 7 000 ლარის გირაო შეუფარდა.

ოთხ საპატიმრო დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე საპარლამენტო მოსმენა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე მოისმენს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოხსენებას, რომელიც ეხება მეორე, მერვე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წლის ზაფხულში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

ნინო ლომჯარიას მოხსენების შემდეგ, საპარლამენტო კომიტეტი სპეციალურ ანგარიშში ასახულ საკითხებზე მოუსმენს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა 11 საათზეა დანიშნული.

სახალხო დამცველმა მონიტორინგის შედეგების ამსახველი ანგარიში 2019 წლის 24 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, ოთხ დაწესებულებაში, სადაც მონიტორინგი ჩატარდა, არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაწესებულებები გადატვირთულია და შეიმჩნევა პერსონალის ნაკლებობა, რის გამოც ადმინისტრაციას აქვს ცდუნება „წესრიგის შენარჩუნების“ და კონფლიქტის მოგვარების ფუნქცია არაფორმალურ მმართველებს გადააბაროს.

ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიციელზე თავდასხმის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.

როგორც შსს იტყობინება, სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალდებები 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაცვის სამინისტრო: დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200 დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების თანახმად, დანამატები განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმებით:

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად:

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 800 ლარის ოდენობით;

2. კიდურის ნებისმიერი დონის ამპუტაციის ან თვალის დაზიანების (ანოფთალმი/სიბრმავე) მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 600 ლარის ოდენობით;

3. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხმინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 250 ლარის ოდენობით;

4. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხმინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 200 ლარის ოდენობით.

ლევან ახვლედიანის ცნობით, ანაკლიას სამშენებლო ტექნიკა ტოვებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, ანაკლიას სამშენებლო ტექნიკა ტოვებს.

„გიდასტურებთ, რომ კომპანია „ვან ოორდ“ აკეთებს დემობილიზაციას და გააქვს თავისი კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა ობიექტიდან. „ვან ოორდ“-ი არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერი და ამავდროულად კონტრაქტორი, რომელიც აკეთებდა დაღრმავების სამუშაოებს“, - უთხრა ლევან ახვლედიანმა რადიო თავისუფლებას. როგორც მან დააზუსტა, ანაკლიას ტექნიკა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ტოვებს.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა რუსეთთან მინიმალური სხვაობით წააგო

საქართველოს წყალბურთის ნაკრებს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რვა საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად ცოტა დააკლდა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი მერვედფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ერთი ბურთით წააგო - 13:14.

ორი მეოთხედის შემდეგ, რუსეთს სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა (9:6). მესამე მეოთხედში ჩომახიძის შეგირდებმა 4:2 იმარჯვეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს (10:11). ბოლო პერიოდში კი ორივე გუნდმა სამ-სამჯერ აიღო მეტოქის კარი.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ მარკო ელაჩა და ფაბიო ბარალდი, სამ-სამი გოლით. დუბლი შეასრულეს ზურაბ რურუამ, დამირ ცრეპულიამ და ბორის ვაპენსკიმ. ერთი გოლი კი გიორგი მაგრაქველიძემ გაიტანა.

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში წაგების გამო, მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის მებრძოლთა პლეი ოფში გადაერთვება.

სუსი: საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს

გუგუტიანთკარი. საოკუპაციო ხაზი. 20 აგვისტო.

„საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ ცნობაში.

სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

„მიმდინარეობს მავთულხლართების ე წ საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე. წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია“, - აცხადებს სუსი.

20 იანვარს, ასევე ცნობილი გახდა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყის მასივის ჩრდილო-დასავლეთით დატოვებულ ახალი ნიშნულების შესახებ.

სერბეთი და კოსოვო აღადგენენ პირდაპირ ფრენებს

აშშ-ის დიპლომატების ხელმძღვანელობით სერბეთსა და კოსვოს შორის გაფორმდა შეთანხმება პირდაპირი კომერციული ავიარეისების აღდგენაზე, რაც ამ ორ მეზობელს შორის თანამშრომლობის იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს.

სერბეთის, კოსოვოს და ნატოს ლიდერები 20 იანვარს მიესალმნენ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ითვალისწინებს ორი ათწლეულის წინ, 1998-99 წლებში კოსოვოს კონფლიქტის ესკალაციის დროს გაუქმებული ავიახაზის აღდგენას.

პრიშტინასა და ბელგრადს შორის კავშირები დაძაბული რჩება ომის შემდეგ, რომელსაც 10,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და რომლის შემდეგად მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილი გახდა.

სერბეთი თავის ყოფილ პროვინციას კვლავ საკუთარი ტერიტორიის ნაწილად განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა 100-მდე ქვეყანას აქვს აღიარებული, აშშ-ის ჩათვლით.

სერბეთის და კოსოვოს დედაქალაქებს შორის კომერციული ფრენების აღდგენის შეთანხმება გაფორმდა ბერლინში, აშშ-ის საელჩოში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მილუნ ტრივუნაჩმა, სერბიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა და ესეთ ბერიშამ, კოსოვოს სამოქალაქო ავიაციის უწყების გენერალურმა დირექტორმა.

25 წუთის ხანგრძლივობის ფენას შეასრულებს Lufthansa-ს იაფი ხაზი,
Eurowings-ი.

ამჟამად ბელგრადიდან პრიშტინაში ჩასვლას ხუთ საათზე მეტი დრო სჭირდება.

პუტინმა პარლამენტს გაუგზავნა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარლამენტს გაუგზავნა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, მას შემდეგ, რაც ამ ცვლილებების და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის მოულოდნელი გეგმის შესახებ გასულ კვირაში ილაპარაკა საჯაროდ.

პუტინს სურს სიტყვა "მიყოლებით" ამოღებულ იქნას კონსტიტუციის ამჟამინდელი ვარიანტიდან, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ამ თანამდებობაზე ყოფნა "მიყოლებით ორზე მეტი ვადით" - ვკითხულობთ პროექტში, რომელიც გამოქვეყნდა კრემლის მიერ კონტროლირებული ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროს ვებსაიტზე 20 იანვარს.

ამ და სხვა საკონსტიტუციო შესწორებების წინადადებით რუსეთის ლიდერი გამოვიდა 15 იანვარს, თავის ყოველწლიურ სიტყვაში, რამაც გააჩინა ვარაუდები, რომ ცვლილებამ შესაძლოა 67 წლის პუტინს საშუალება მისცეს ძალაუფლება შეინარჩუნოს 2024 წლის, ანუ პრეზიდენტობის მეოთხე ვადის გასვლის შემდეგაც.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს კონსტიტუციისთვის მკაფიო პრიორიტეტის მინიჭებას საერთაშორისო კანონდთან მიმართებით და პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილების გადატანას პრემიერ-მინისტრზე და სახელმწიფო საბჭოზე.

პუტინმა სამუშაო ჯგუფი შექმნა შეთავაზებული ცვლილებების შესასწავლად და რეფერენდუმის გამართვის იდეითაც გამოვიდა.

პუტინის გამოსვლას მოჰყვა პოსტიდან პრემიერ-მინისტ დმიტრი მედვედევის გადადგომა, რომელიც მეორე დღეს შეცვალა მიხაილ მიშუსტინმა, რუსეთის საგადასახადო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

სუსი ჩორჩანასთან ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევებს სწავლობს

„მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა", - უთხრეს სუს-ის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყის მასივის ჩრდილო-დასავლეთით დატოვებულ ახალი ნიშნულების შესახებ.

როგორც სუსი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე. მათი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს.

პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელსაც აღმოაჩინა.

„საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით", - აცხადებს სუსი.

ახალი ნიშნულების შესახებ ინფორმაცია, ფოტოები და რუკა ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა.

მოძრაობის ცნობით, წითლად მონიშნული ხეები და ყვითელი ბანერი რამდენიმე ციფრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრშია. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ თუ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ხაზს საჩხერის რაიონის მიმართულებით გაუყვებიან, ოკუპირებული აღმოჩნდება ათობით ჰექტარი ტყის მასივი.

იტალიაში, სადეპორტაციო ცენტრში ინციდენტის შემდეგ საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ქართული მხარე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრის თემას წარმოადგენდა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და იქ მყოფი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.

სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. თავის მხრივ, იტალიის ელჩმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიური სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.

შეხვედრაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მწუხარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოხატეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით.

მომხდარის შესახებ, ასევე, დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს ქ. გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან. იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.

უნგრეთი და უკრაინა შეთანხმდნენ სადაზვერვო მონაცემების გაცვლაზე

უნგრეთმა და უკრაინამ მოილაპარაკეს, რომ ითანამშრომლობენ ერთობლივი სადაზვერვო მონაცემების გაცვლაზე, - იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტი 19 იანვარს.

შეთანხმება შედგა უკრაინელ გენერალ-პოლკოვნიკს, თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვასილ ბურბასა და უნგრეთის სამხედრო ინფორმაციის დირექტორატის ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ იანოშ ბერეშს შორის.

ორი მხარე შეთანხმდა "ძალების გაერთიანებასა და თანამშრომლობის გაფართოებაზე რეგიონული კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბურბა და ბერეში შეთანხმდნენ, რომ "გააუმჯობესებენ სადაზვერვო მონაცემების გაცვლის ხარისხს და ნატოს უსაფრთხოების სტრუქტურების შესახებ ცოდნას".

უნგრეთი, რომელიც ცივი ომის პერიოდში ნატოს მეტოქე ბანაკში იყო, თავდაცვით ალიანსს 1999 წელს შეუერთდა. ნატოში გაწევრიანება უკრაინასაც სურს და 16 იანვარს მან ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ნატოს გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობის პროგრამაში - ფორმატში, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას მესამე ქვეყნებთან.

ელიზაბეთ რუდი: შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან, განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის, ჩორჩანასთან, როცა საოკუპაციო რეჟიმმა გადმოსწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მექანიზმი უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - განაცხადა რუდმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი დაიწყეს. ამის შესახებ პირველი განცხადება 13 იანვარს „ანტისაოკუპაციო მოძრაობამ“ გააკეთა და შესაბამისი ფოტო- და ვიდეომასალაც გაავრცელა. ფოტოებზე ტყის მასივში გაყვანილ ახალ გზაზე ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და ღობეები ჩანს.

2019 წლის ზაფხულში, ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ, ტყეში ახალი გზის გაყვანა დაიწყო და მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დადგა ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო.

ბიშკეკის სასამართლომ დაიწყო RFE/RL-ის წინააღმდეგ ცილისწამების სარჩელის განხილვა

რაიმბეკ მატრაიმოვი

ბიშკეკში სასამართლომ დაიწყო ცილისწამების სარჩელის განხილვა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის, მისი კორესპონდენტის, ალი ტოკთაქუნოვის და ახალი ამბების საიტ Kloop-ის წინააღმდეგ.

სარჩელი ეკუთვნის საბაჟოს ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, რაიმბეკ მატრაიმოვს და მის ნათესავებს, და ის შეტანილ იქნა მას შემდეგ, რაც ამ მედიასაშუალებების მიერ გაშუქებულ კორუფციულ სქემებს სკანდალი მოჰყვა.

სარჩელის სამიზნეა აგრეთვე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ვებსაიტი, 24.kg, რომელმაც გამოძიების შედეგების შეჯამება გამოაქვეყნა.

ბიშკეკის სვერდლოვის რაიონის სასამართლომ საქმის განხილვა 20 იანვარს დაიწყო, მაგრამ პროცესი მალევე გადადო 29 იანვრისთვის, რადგან მომჩივანი მხარის ადვოკატებმა მეტი დრო ითხოვეს შესაძლო შეთანხმების, კერძოდ, ერთობლივი გამოძიების შედეგების ოფიციალური უარყოფის გამოქვეყნების მისაღწევად.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის და Kloop-ის ადვოკატებმა უარყვეს ამგვარი ნაბიჯი, თუმცა მომჩივან მხარეს შესთავაზეს შესაძლებლობა, გამოძიება ამ მედიასაშუალებების სივრცეში განიხილონ. 24.kg-ს ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა მომჩივან მხარესთან შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად.

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 21 იანვარს შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორის არიან: Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვ.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “New Ambitions for Europe”.

გიორგი გახარია სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების - “Uniting Europe”-ის მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე ესტუმრება პრეზენტაციას - „Cool Kids on Blockchain“, რომელზეც წამყვანი შვეიცარიული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Vault Wines-ი ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იქნებიან. ვიზიტი 24 იანვრამდე გასტანს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG