Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRHT საუბრობს კრიტიკულად განწყობილ პირთა მიმართ რეპრესიული მეთოდების გამოყენებაზე


თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ 20 ივნისის შემდეგ თბილისში ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე გახშირებული დაკავებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო.

ორგნიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქცია ძალის გადამეტებით დაშალა.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიძიოს 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტები და დააყენოს შესაბამისი პირების, როგორც პოლიტიკური, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ორგანიზაცია ყურადღებას 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ამახვილებს.

„20 ივნისის მოვლენების შემდგომ ხელისუფლებამ თვალსაჩინო რეპრესიული მეთოდების გამოყენება დაიწყო; 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილე 10-ზე მეტ პირს ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი). მათ შორის არიან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მელია, კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ თანამშრომელი, ბიოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძე და პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უკიდურესად ბუნდოვანი და არადამაჯერებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა სახლი შემაშფოთებელად მიიჩნევს იმას, რომ ამ მოვლენების ფონზე, მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საფუძვლით, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, ბრალი წარუდგინა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

ორგანიზაციის შეფასებით, ასევე შემაშფოთებელია ბოლო დროს მედიაზე ზეწოლისა და სავარაუდო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეები:

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სსკ-ის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

„მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისის საქმეზე გამოძიება 23 ივლისს დაიწყო, რაც საეჭვოდ დაემთხვა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 19 ივლისს გაკეთებულ განცხადებას „რუსთავი 2“-ის მფლობელობაზე პრეტენზიის ქონისა და ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღების მოთხოვნის შესახებ“, - მიიჩნევენ განცხადების ავტორები.

განცხადებაში, აგრეთვე საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე, რასაც წინ უძღოდა მისი განცხადება ახალი ტელევიზიის გახსნის გეგმების შესახებ.

განცხადებაში საუბარია ვახტანგ წერეთელდან დაკავშირებული საქმის შესახებაც.

„ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის დამფუძნებელი დაიბარეს გამოკითხვაზე და მას აქვს ვარაუდი, რომ მამამისის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, მასზე მანიპულაციისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების ჯაჭვი აჩვენებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს მის წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო პროტესტი და წინააღმდეგობა მეთოდებით, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას“, - აცხადებენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები , რომლებიც ხელისუფლების ორგანოებს და მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ:

· აწარმოოს გამჭვირვალე გამოძიება 20-21 ივნისის აქციის არაპროპორციული და ძალისმიერი მეთოდებით დაშლის ფაქტზე და მხოლოდ საკმარისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა

· შეწყვიტოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების საეჭვო დაკავებები და არ შეზღუდოს მოქალაქეთა კანონიერი პროტესტი და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

· არ შეუქმნას საფრთხე, მათ შორის საეჭვო სისხლის სამართლის საქმეთა ინიცირებით, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ფუნქციონირებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას.

· საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიცვას კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება აწარმოოს არა შერჩევითი მართლმსაჯულების, არამედ დანაშაულის მნიშვნელობისა და სიმძიმის, ასევე სავარაუდო დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სახელით წევრი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

მედიის ინსტიტუტი;

საფარი;

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG