Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირცხვილია! - ანა ნაცვლიშვილი აკრიტიკებს ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნის წერილს


იურისტი ანა ნაცვლიშვილი საკუთარ ფეისბუკზე საჯარო პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ კრიტიკას ვერ უძლევს გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის მიწერილი ოფიციალური წერილი, რომლითაც გენერალური პროკურორი მიმართავს პარლამენტს, გასცეს ნიკანორ (ნიკა) მელიას დაპატიმრების თანხმობა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრობლემურია დოკუმენტის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხი. გარდა ამისა, მისი სიტყვებით, ის მხოლოდ 4 გვერდისგან შედგება. ხოლო იმის დასასაბუთებლად, რომ აუცილებელია მელიასთვის პატიმრობის შეფარდება, მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა:

„მითითებული საქმეებიდან ერთი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს! (საქმეში მითითებულია კონრადი იტალიის წინააღმდეგ, ბევრი ძებნის შემდეგ, მივაგენი საქმეს, რომელსაც სინამდვილეში გულისხმობენ და რომლის სახელიც ასე ჟღერს: (კონტრადა იტალიის წინააღმდეგ)“, - წერს ანა ნაცვლიშვილი.

ამ წერილში მითითებული ერთ-ერთი საქმე კი (ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ), იურისტის თქმით, საერთოდ არ ეხება დოკუმენტში განსახილველ სამართლებრივ საკითხს - პატიმრობის შეფარდების სტანდარტებს და ეხება ციხეში სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო არაადამიანურ მოპყრობას. ხოლო დანარჩენ მითითებულ საქმეებში ფაქტობრივი გარემოებები, მისის სიტყვებით, იმდენად განსხვავდება მელიას საქმისგან, რომ მათი მითითება დოკუმენტში არარელევანტურია.

„არ ჩამიხედავს სხვა გახმაურებული საქმეების დოკუმენტაციაში, მაგრამ ამის მერე როგორი დასაჯერებელია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, რომელიც სამართლებრივად გაცილებით მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს, წესრიგია? როგორი დასაჯერებელია ყველა ამ პერიოდში და ადრე დაწყებულ გამოძიებებში სხვა საქმეებზე, რომ სამართლებრივად სწორი ანალიზი და დასკვნებია გაკეთებული? როგორი დასაჯერებელია, რომ გვარამიასთვის წარდგენილი ბრალი დასაბუთებულია? ამის მერე აღარ მიკვირს ვატო წერეთლისთვის სასამართლოდან გაგზავნილი მესიჯის შინაარსი და ფორმა!" - წერს ანა ნაცვლიშვილი.

მისი განცხადებით, დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის 150 დეპუტატს უნდა წაეკითხა და მიეღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, ასეთი ლაფსუსებია დაშვებული.

„დეპუტატებს როგორ არ გრცხვენიათ, რომ ამაზე დაყრდნობით მიიღეთ გადაწყვეტილება? სტაჟიორი მაინც არ გყავდათ, რომ დაგევალებინათ თვალის გადავლება? კანონებსაც ასე იღებთ? სირცხვილია!“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას (საუბარია 20-21 ივნისის ღამეზე) და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG