Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეფრი გედმინი: აშშ-ის პრეზიდენტისთვის საქართველო სავარაუდოდ, პრიორიტეტი არ არის


ჯეფრი გედმინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წლის 7 ოქტომბერი
ჯეფრი გედმინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წლის 7 ოქტომბერი

რადიო თავისუფლების ყოფილი პრეზიდენტის, ჯეფრი გედმინის განცხადებით, 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, რადგან რუსეთი იმპერიის აღდგენას ცდილობს, საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებითაც.

„ამ მხრივ, საქართველო მტკივნეული მაგალითია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად არასწორი, პრობლემური და არასრული იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები მაშინ. ეს იყო ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ, ნატოსკენ, ევროკავშირისკენ მიიწევდა. საქართველო ცდილობდა შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა” - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯეფრი გედმინმა.

მისი შეფასებით, 2008 წლის შემდეგ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მაშინდელ დონეზე შენარჩუნება რთულია: „მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა მსოფლიოშიც, ამერიკაშიც. დღეს ამერიკაში გვყავს პრეზიდენტი, რომლისთვისაც საქართველო პრიორიტეტი, სავარაუდოდ, არ არის. ფაქტი კი ისაა, რომ რუსეთმა ტერიტორია მონიშნა და თქვა, რომ ეს ჩემი სამეზობლოა და არის საკითხები რომლებზე საუბარსაც არ ვაპირებთ. ეს ფაქტია.“

ჯეფრი გედმინი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში და შეერთებულ შტატებში რამდენიმე წელიწადში მდგომარეობა შეიცვლება და საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს, ეს კი ღირებულებების დასაცავად უწყვეტ ბრძოლას ნიშნავს. „მე ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარს ვუჭერ. მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელსაც უნდა, რომ დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის თანასწორი წევრი იყოს. მაგრამ ამ ეტაპზე, ამისთვის კარგი დრო არ არის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ მოთმინებით და შეუდრეკელად იმ დრომდე, სანამ გარემოებები არ შეიცვლება რამდენიმე წელში“ - განაცხადა გედმინმა.

რადიო თავისუფლების ყოფილი პრეზიდენტი იზიარებს ბევრი სხვა მიმომხილველის აზრს და ამბობს, რომ საქართველო რთულ გზას გადის, რომელიც მოტივაციის შენარჩუნებას შესაძლოა, ხელს უშლიდეს, თუმცა, დასძენს: „რატომ უნდა გავჩერდეთ და რატომ უნდა დავანებოთ თავი ჩვენს მიზნებს? ეს გრძელვადიანი ბრძოლაა და არასოდეს იცი ზუსტად როდის შეიძლება სიტუაცია შენს სასარგებლოდ მოტრიალდეს. ამიტომ, მზადება და მზაობა მუდამ უნდა გააგრძელო. ამერიკაში კალათბურთის ცნობილმა მწვრთნელმა ბობი ნაითმა ერთხელ თქვა, რომ არ ეთანხმება ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტში ის გუნდი იმარჯვებს, რომელსაც გამარჯვება უფრო მეტად უნდა. გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ სინამდვილეში ის იმარჯვებს, ვინც გასამარჯვებლად უკეთესადაა მომზადებულიო. ეს საქართველოსაც მიესადაგება - იბრძოლეთ, შეინარჩუნეთ მოტივაცია, სიმტკიცე, მოთმინება, მოიზიდეთ ინვესტიციები, გაამყარეთ ურთიერთობები მოკავშირეებთან. არავინ იცის როგორი იქნება მსოფლიო 3, 5, 10 წელში. მაგრამ როცა მსოფლიო შეიცვლება, საქართველო მზად უნდა იყოს.“

ჯეფრი გედმინი „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი იყო 2007-2011 წლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG