Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი საძაგლიშვილი: სააპელაციო სასამართლო არასწორად იწყებს დროის ათვლას


„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

ნიკა გვარამიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) გაუქმების მიზნით შეტანილი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

საძაგლიშვილის თქმით, ორი ალტერნატივა იყო - სააპელაციო სასამართლოს ან უნდა დაეშვა საჩივარი და შემდეგ, ზეპირ სხდომაზე მიეღო გადაწყვეტილება, ან საჩივარი დაუშვებლად ეცნო.

„ბუნებრივია, მათთვის მეორე მიმართულება უფრო ხელსაყრელი იყო, იმიტომ, რომ არ მოუწევდათ საჯარო სხდომაზე სამარცხვინო ცირკის დადგმა, როგორც მოიქცნენ პირველ ინსტანციაში“, - ამბობს საძაგლიშვილი.

ადვოკატის განმარტებით, რეალურად გადაწყვეტილება 01:30-ზე გამოცხადდა, თუმცა მას მეორე დღეს გადაეცა. როგორც საძაგლიშვილი ამბობს, სააპელაციო სასამართლო არასწორად იწყებს დროის ათვლას და შესაბამისად, მისი ეს მიდგომაც არის უსამართლო და არაკანონიერი. თუმცა გვარამიას ადვოკატი მიიჩნევს, რომ საჩივრის არდაშვების თემა არ არის არსებითად მნიშვნელოვანი.

„სააპელაციო სასამართლო და განსაკუთრებით სისხლის სამართლის პალატა, რომ არ მიიღებდა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ჩვენში ეჭვს არ იწვევდა, იმ პირობებში, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძე არის ამ სასამართლოს თავმჯდომარე“, - თქვა მან.

ნიკა გვარამიამ საჩივრის არმიღება ასე შეაფასა: „ველოდი, რომ გირაო დარჩებოდა გირაოდ. რა ფორმას მონახავდნენ ამისთვის, ჩემთვის მეორე ხარისხოვანია“.

10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. გენერალური პროკურატურა 80 000-ლარიან გირაოს მოითხოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG