Accessibility links

საქსტატი: 2018 წელს 35.5%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები


პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. (1 მილიარდ 265 მილიონ 200 ათასი) აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

  • მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება,
  • რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში,​
  • მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტება საწარმოთა მხრიდან,
  • არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პირველ სამეულშია აზერბაიჯანი, ნიდერლანდი და გაერთიანებული სამეფო.

  • აზერბაიჯანი - 19.5 პროცენტით,
  • ნიდერლანდი - 16.5 პროცენტით,
  • გაერთიანებული სამეფო - 14.1 პროცენტით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში ამ სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა 2018 წელს 50.1 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორზე მოდის - 270.7 მლნ. აშშ დოლარი, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 21.4 პროცენტია. საქსტატის მიხედვით, მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი - 173.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 163.0 მლნ. აშშ დოლარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG