Accessibility links

ელენე ხოშტარია: ოკუპაციის ფონზე ვხედავთ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ ფილმს რუსული ნარატივით


ელენე ხოშტარია

პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარია იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები განაგრძობენ ე.წ. საზღვრის გავლებას.

"აქ, რამდენიმე მეტრში ჩვენი თვალით შეგვიძლია დავინახოთ, არ არის რუსეთი, როგორი დამანგრეველია რუსეთი, როგორ კლავს, როგორ იტაცებს. რა საშინელებაა რუსეთი და რამხელა საფრთხეა. ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ ფილმებს ზუსტად რუსული "ოერტეს" ნარატივით, ეს არის კატასტროფა, თორემ რუსეთი სულ ასეთი დარჩება. მთავარია, რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება" - განაცხადა ხოშტარიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დღეს გუგუტიანთკარში უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად და მსოფლიოს აგებინებდეს, რა სასტიკად იქცევა რუსეთი და როგორ "გლეჯს მიწებს".

ელენე ხოშტარიას თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულ პირობებში უნდა იმყოფებოდეს და განსაკუთრებული ფინანსური შეღავათებით სარგებლობდეს.

"როგორ შეიძლება აქ დადიოდე და შეშინებულ თვალებს ხედავდე. როგორ შეიძლება აქ არ იყოს მთელი მთავრობა და მოსახლოებას არ ეუბნებოდეს, რომ მათ პირობებზე იზრუნებს ქართული სახელმწიფო, როდესაც ასეთ დღეში არიან" - თქვა ელენე ხოშტარიამ.

"ევროპული საქართველოს" წევრი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერზე პასუხი უნდა იყოს სახალხო, ზეპარტიული ანტისაოკუპაციო პროტესტი, ამიტომ 20 სექტემბრიდან ყველა უნდა შეუერთდეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG