Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტროსთვის სიურპრიზი იყო ანაკლიის კონსორციუმიდან ამერიკული „კონტის“ გასვლა


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პრესიდან შეიტყვეს ინფორმაცია „კონტი-ჯგუფის“(Conti International LLC) მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების შესახებ.

ინფორმაცია ჯერ შესწავლა-გადამუშავების ეტაპზეა და შესაბამისად, სამინისტრომ რადიო თავისუფლებას ვერ მიაწოდა ინფორმაცია შემდგომი პროცესების სავარაუდო განვითარების შესახებ.

როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, აქციების გასხვისების შესახებ ინფორმაცია კონსორციუმს წინასწარ უნდა შეეთანხმებინა საქართველოს მთავრობასთან.

„კომპანია „კონტის“ ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის ინფორმაცია შევიტყვეთ დღეს, პრესის მეშვეობით. კონსორციუმს ჩვენთვის არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

2018 წლის 6 დეკემბრიდან „კონტი“ აღარ მონაწილეობდა კონსორციუმის, ანუ ინვესტორის მენეჯმენტში და ასევე „კონტი“ აღარ მონაწილეობდა ხელშეკრულების ცვლილებებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, თუმცა ის რჩებოდა მსხვილ აქციონერად პროექტში.

საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორს გააჩნია ვალდებულება, რომ ნებისმიერი აქციების გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რაც არ მომხდარა. იმისათვის, რომ ჩვენ შეფასება გავაკეთოთ შესაძლო შედეგებზე, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია, დავუკავშირდეთ კონსორციუმს, შევისწავლოთ ეს საკითხი და ამის მიხედვით დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებებსა და პოზიციას“, - აცხადებს დავით ჯავახაძე.

მსხვილი ამერიკული კომპანიის, „Conti International“-ის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების შესახებ ინფორმაცია 15 აგვისტოს გავრცელდა. ინფორმაციის ნამდვილობა რადიო თავისუფლებას კონსორციუმშიც დაუდასტურეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG