Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზესტაფონში გაიფიცნენ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები


ზესტაფონის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 150-მდე მუშა ხელფასების გაზრდას მოითხოვს და სამუშაო პირობებს „არასათანადოდ“ მიიჩნევს.

მათი თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის.

"დღეში 22 ლარს ვიღებთ, აქედან ნაწილი ტრანსპორტირებაში გვეხარჯება. მოვითხოვთ დამატებითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ, სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თარჯიმანი არ ჰყავთ და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, გვეჩხუბებიან, ხელშეკრულებებსაც არ გვაჩვენებენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გაფიცულების განცხადებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს რამდენიმე თანამშრომელი გაფიცულთა მიმართ სოლიდარობისთვის. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია ასრულებს. კომპანიამ სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები გასაცნობად კომპანიის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს გაცნობის შემდეგ მიაწვდიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG