Accessibility links

site logo site logo

ირანის ტანკერი Grace 1 სახელისა და დროშის გამოცვლის შემდეგ დატოვებს გიბრალტარს


ირანის სანავთობო ტანკერს, რომელიც ექვსი კვირის წინ დააკავა გიბრალტარმა, სახელს და დროშას უცვლიან და ის გასამგზავრებლად ემზადება მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გემს პორტის დატოვება შეუძლია.

ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯალილ ესლამიმ 16 აგვისტოს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ Grace 1, რომელიც გიბრალტარს 4 ივლისიდან ჰყავდა დაკავებული, ამიერიდან ირანის დროშით იცურებს. „მფლობელის თხოვნით, Grace 1 ხმელთაშუა ზღვისკენ აიღებს კურსს მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშით შეეცვლება დროშა და დაერქმევა Adrian Darya,“ თქვა ესლამიმ. „გემი რუსული წარმომავლობისაა, ის პანამის დროშით ცურავდა და მასზე ორი მილიონი ბარელი ირანული ნავთობი იმყოფება,“ დასძინა მან.

გიბრალტარის მთავარმა მინისტრმა ფაბიან პიკარდომ მანამდე განაცხადა, რომ ექვსი კვირის წინ დაკავებულ სუპერტანკერს შეუძლია დატოვოს პორტი, როგორც კი მზად იქნება საამისოდ. ამასთან, გიბრალტარის უზენაესი სასამართლო განიხილავს აშშ-ის ნებისმიერ მცდელობას, ხელი შეუშალოს Grace 1-ის მიერ პორტის დატოვებას.

პიკადოს მიერ 16 აგვისტოს გაკეთებულ ამ კომენტარამდე აშშ-მა განაცხადა, რომ სუპერტანკერის ეკიპაჟს შეიძლება აშშ-ის ვიზებზე აკრძალვა დაუწესდეთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, Grace 1 ეხმარება ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიას, რომელსაც ვაშინგტონი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG