Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს რა არის ოკუპაცია


ლაშა დარსალია
ლაშა დარსალია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს ე.წ. საზღვარი გაჰყავთ.

ლაშა დარასალიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს ოკუპაციის შედეგი, რომელიც აუარესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს, არამედ კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას. ლაშა დარსალიას ინფორმაციით, გუგუტიანთკარში ჩავიდა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის 8 ელჩი.

„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ათზე მეტ ძელზე უკვე აღმართულია ე.წ. სასაზღვრო ღობე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის განაპირას მდებარე ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა. 15 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ოჯახები გააფრთხილეს, რომ თუ სახლებში რამე დარჩენილი აქვთ, გასატანად სამი დღე აქვთ.

ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობაც, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG