Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიბრალტარში დაკავებული ირანის სანავთობო ტანკერი მზადაა 1-2 დღეში დატოვოს ნავსადგური


გიბრალტარში დაკავებული ირანის სანავთობო ტანკერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გემი მზადაა, „24-დან 48 საათამდე“ დროში დატოვოს ნავსადგური, მიუხედავად აშშ-ის მიერ უკანასკნელ წუთში განხორციელებული მცდელობისა, დააკავოს ის. რიჩარდ დე ლა როსამ, Astralship-ის მმართველმა დირექტორმა, 17 აგვისტოს განაცხადა, რომ მიმდინარეობს ლოგისტიკური მზადება და უკრაინისა და ინდოეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ახალი ეკიპაჟი გადაიბარებს გემს, რომელზეც 2,1 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი იმყოფება.

სუპერტანკერი Grace 1 ერთ თვეზე მეტი ხნის წინ დააკავეს გიბრალტარში, მას ბრალი ედებოდა სირიასთან დაკავშირებული სანქციების დარღვევაში. 16 აგვისტოს აშშ-მა განაცხადა, რომ სუპერტანკერის დაპატიმრებაზე გასცა ორდერი. მანამდე ერთი დღით ადრე კი გიბრალტარმა განაცხადა, რომ ხომალდს ნავსადგურის დატოვების უფლებას აძლევს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გემს ბრალი დასდო აშშ-ის საფინანსო სისტემის უკანონოდ გამოყენებაში ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ სირიაში ნავთობის გადაზიდვისთვის. ირანის რევოლუციური გვარდია აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა გავლენას მოახდენს აშშ-ის ორდერი სუპერტანკერის მიერ გიბრალტარის დატოვებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG