Accessibility links

ახალგაზრდა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს


საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი შოთაძე 2019 წლის სეზონს ოქროს დუბლით დაასრულებს. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შოთაძემ ერთი თვის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ უმაღლეს ჯილდოს ამჯერად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მიამატა. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 12-18 აგვისტოს ტალინმა უმასპინძლა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეჯიბრებიდან ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით ბრუნდება.

მსოფლიოს ოქრომდე თითო ნაბიჯი დააკლდათ ლერი აბულაძეს (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილს (87 კგ). აბულაძემ წლეულს ევროპირველობაზეც ვერცხლის მედალი აიღო. ქაცანაშვილი კი ევროპის კონკურენციაში მესამე იყო.

გიორგი შოთაძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე დაამარცხა: პოლონელი ალეკსანდერ იულიუს მიელევჩიკი (11:0), ჩინელი ქსინ ჰუანგი (8:0), უკრაინელი ვლადისლავ კრავჩენკო (9:1) და ამერიკელი პეიტონ ლუის ომანია (7:0). საჩემპიონო ბრძოლაში კი სომეხ შანტ ხაჩატრიანს აჯობა (6:3).

მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ორმა წევრმა მოიპოვა - ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) და რობინზონ ესაძემ (130 კგ), მაგრამ საბოლოოდ ორივე მეხუთე ადგილს დასჯერდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG