Accessibility links

site logo site logo

შვებულებიდან დაბრუნებული გორის მერი გუგუტიანთკარში ჩავიდა


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის გავლებას განაგრძობენ. ადგილზე არსებული ვითარების სანახავად ჩავიდა შვებულებიდან დაბრუნებული გორის მერი. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებსაც გაესაუბრა.

„ემოციურად ძალიან რთული იყო ყურება, რომ იმყოფებიან ჩვენს მიწაზე და ღობავენ. მივედი და ველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა. ჩემი მოწოდება იყო, რომ გაეჩერებინათ ახლავე. პასუხი არ გამცეს, მარტო ის მითხრეს, რომ ასრულებენ ბრძანებას. მთელი დღე აქ ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შედის ჩემს შესაძლებლობაში, რომ არ მოხდეს ასეთი უკანონობა. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ აღარ გაგრძელდეს ასეთ უკანონო „ბორდერიზაცია“. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აღებული იქნება ეს უკანონო მავთულხლართები, - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, რომელიც გუგუტიანთკარში იმყოფებოდა.

კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულების შემდეგ პირველად ჩავიდა გუგუტიანთკარში მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის უკანონო აღმართვის პროცესი განაახლეს. მან დღესაც განაცხდა, რომ შვებულების მიუხედავად საქმის კურსში იყო და აკონტროლებდა სიტუაციას, გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დახმარებით.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება.

7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

19 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წამომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ახალი ძელები, რომლებსაც დაამონტაჟებენ და მათზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG