Accessibility links

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუს-ში დაწყებულ გამოძიებაში პოლიტიკურ ფაქტორს ხედავს


ბიძინა გეგიძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ფაქტორი არსებობს გამოძიებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

„მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ ცდილობს გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი. მარტივად, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაში ვმოღვაწეობ და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს“ - თქვა ბიძინა გეგიძემ 19 აგვისტოს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ განცხადებამდე გეგიძემ ხაზი გაუსვა მის კრიტიკულ პოზიციას "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ და იმ ფაქტსაც, რომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მისი მეგობრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან დაახლოებით ორ თვეში.

როგორც ბიძინა გეგიძემ თქვა, პოლიტიკაში აქვს საკუთარი პრინციპები და ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის თავისუფლება შეინარჩუნოს, რისთვისაც არ უღალატია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად და ფრაქციის, „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგაც.

„როგორც გაირკვა, მე ეს არ ვიცოდი, გამოძიება დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები. მაშინ, როცა საკმაოდ აქტიური ვიყავი ჩემი რეგალიებიდან გამომდინარე და მქონდა მათ შორის კრიტიკული ხედვები, პოზიციები, არგუმენტები პროცესზე, რასაც ჰქვია პოლიტიკური პროცესი, როდესაც ხარ მმართველი პოლიტიკური ძალა. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი. ეს ყველამ იცის და არა მარტო მედიამ. კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო ორ აგვისტოს, როგორც სუსი აცხადებს“ - თქვა ბიძინა გეგიძემ.

პარლამენტის წევრის განცხადებით, ჯერ კიდევ თვეების წინ, მედიასაშუალებებით ლაპარაკობდა და დღესაც ასე ფიქრობს, რომ პროცესი უნდა გაჯანსაღდეს და გაცილებით პოზიტიური უნდა გახდეს, მათ შორის პარლამენტშიც და თუ ეს ვერ ხერხდება, ცვლილებებია საჭირო. გეგიძემ მისი კრიტიკული დამოკიდებულების კიდევ ერთ მაგალითად მოიყვანა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია.

ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ გახდა მიზეზი ის, რომ მხარი არ დაუჭირა დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმებას, ბიძინა გეგიძემ უპასუხა, რომ გამოძიება დაახლოებით ერთი წლით ადრეა დაწყებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრი ბიძინა გეგიძე მოწმის სტატუსით გამოკითხვაზეა დაბარებული 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

ბიძინა გეგიძე ვაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გეგიძე „საქართველოს ფოსტის“ დირექტორის მოადგილე იყო.

19 აგვისტოს, 11 საათზე დაგეგმილ გამოკითხვაზე ბიძინა გეგიძე არ მივიდა. მისი ინფორმაციით, როცა გასულ შაბათს სუს-ის წარმომადგენლებმა უწყება მიუტანეს, წინასწარ აცნობა, რომ დანიშნულ დროს ვერ გამოცხადდებოდა.

გეგიძის თქმით, პრესკონფერენციის შემდეგ კომუნიკაცია ექნება სუს-თან და გადაწყდება, თუ როდის მივა გამოკითხვაზე. დეპუტატის ინფორმაციით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია რას იძიებს სუსი და ამას გამოკითხვის დროს გაარკვევს. ბიძინა გეგიძის განცხადებით, "საქართველოს ფოსტაში" დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG