Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას აქვს მიზანი...ჩაითრიოს ქვეყანა სამხედრო პროვოკაციაში


„ოპოზიციის ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ. იმის ნაცვლად, რომ მათ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებით და საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით, შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფა, რათა მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ისინი არიან დაკავებული თავისი სახელმწიფოს, თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს.

მისი განცხადებით, სწორედ ოპოზიციის აღნიშნული ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ძალებს სურთ ომი, დესტაბილიზაცია და სახელმწიფოს ჩამოშლა, იმისთვის, რომ მოახდინონ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების რეალიზება.

„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ვინმეს, რომ თავისი პროვოკაციული გეგმები განახორციელონ, რომელსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ომი, სურთ დესტაბილიზაცია და სურთ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამაზე რაღაც იხეირონ.

მე მივმართავ მათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოს, მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ომი ამ ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ სურს და საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ომის გარეშე, მშვიდობით, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით, საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით შექმნას ის მომავალი და ის მომენტი, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი. დღეს, რეალურად, ეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს ზუსტად ამ გეგმის საწინააღმდეგოდ. მათ აქვთ ერთდერთი მიზანი, როგორმე ძირი გამოუთხარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში. მე პირობას გაძლევთ, რომ საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენ, ყველა მოქალაქესთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ექნება მშვიდობიანი მომავალი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება.

7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

19 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ახალი ძელები, რომლებსაც დაამონტაჟებენ და მათზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა.

17 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს 8 მოქალაქე. ისინი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG