ტიმოთესუბანში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის კედელში უნებართვო სამშენებლო ქმედების შესასწავლად ინსპექტირების ჯგუფი მღვდელმთავართან ერთად 20 აგვისტოს ჩავა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა.
საქმე ეხება სათავსოს, რომელიც თანამედროვე მასალითაა აგებული და დამონტაჟებულია ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ კედელში.
ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით კანონი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ ძეგლი ფიზიკურად არის დაზიანებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კარგად არ ვიცნობთ ამ სათავსოს ჩამონტაჟების შედეგებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დაზიანების ფაქტი არ ყოფილა, რამდენადაც არ მომხდარა ძეგლის რეაბილიტაცია. თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი დაფიქსირდება ფიზიკური ხელყოფის ფაქტი, ანუ აუნაზღაურებელი ზარალი თუ მიადგება ძეგლს, ამ შემთხვევაში დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - ამბობს სააგენტოს დირექტორი.
ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერომიელი ჩაშენებული კარადის შესახებ ამბობს, რომ ის რამდენიმე წელია, კედლის სიღრმეში დგას, არ იკავებს დიდ ადგილს და მას თავისი დატვირთვა აქვს.
მიუხედავად ამისა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის ინტერიერში მსგავსი ტიპის ჩარევაც კი გაუმართლებელია, რადგან ის არღვევს არქიტექტურულ და მხატვრულ მხარეს.