Accessibility links

ნატა ფერაძე: ამის ყურება სახლიდან, კონდიციონერიანი ოთახიდან, წარმოუდგენელია


გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან, რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი ჩავიდა. ისინი იმ ტერიტორიაზე აპირებდნენ შესვლას, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს და ბოძები ჩაარჭვეს, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ტერიტორიაზე მიახლოების უფლება არ მისცეს.

აქტივისტებს შორისაა ნატა ფერაძე, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად:

„ამ ყველაფერის ყურება სახლიდან, კონდიციონერიანი ოთახიდან, ტახტზე წამოწოლილ მდგომარეობაში, უბრალოდ წარმოუდგენელია. მოვედით სამოქალაქო აქტივისტები, მაგრამ როგორც გაირკვა, სამართალდამცავები არ გვიშვებენ და არც ვეწინააღმდეგებით მათ. აქედან ატოცში გადავინაცვლებთ, იქაც ვნახავთ აქტივისტებს. არ ვიცი, რაიმე უნდა მოვიფიქროთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავადგმევინოთ მთავრობას. ცხადია, კონფლიქტს არავინ აპირებს, მაგრამ ამ ყველაფრის უმოქმედოდ დატოვება მგონი, ყველა საზღვარს აღემატება“.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, 19 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დამატებით 15 ბოძი ჩაარჭვეს, რომელიც ჯამში 37,5 მეტრის სიგრძისაა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 19 აგვისტოს განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება.

7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG