Accessibility links

ჯაფარიძის ანგარიშებს ინკასო დაადეს, „გირჩის“ ლიდერი მედიაში გასული ცნობის უარყოფას არ აპირებს


ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ყველა (საქართველოში გახსნილი) ანგარიში დაყადაღდა.

თავად ჯაფარიძის ინფორმაციით, მას დაევალა „იმედის“ ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა.

ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სარჩელს საფუძვლად დაედო 2015 წლის 17 თებერვლის განცხადება. ჯაფარიძემ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობა მაშინდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს დაუკავშირა. „გირჩის“ ლიდერმა ამ ორგანიზაციის შესახებ, მას შემდეგ ისაუბრა, რაც მათ სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად წარუდგინეს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მტკიცებით, ჯაფარიძის განცხადების შემდეგ დონორმა ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა თანამშრომლობა, რის გამოც ვერ მიიღო 5050 ლარი.

ზურაბ ჯაფარიძემ გვითხრა, რომ მზად არის, რადიო თავისუფლებასთან იგივე სიტყვები გაიმეოროს და არ აპირებს არანაირი ჯარიმის გადახდას. ჯაფარიძის თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ ნიბლოშვილი „ქართული ოცნებიდან“ გახდა თბილისის საკრებულოს წევრი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კი ამბობენ, რომ თინათინ ნიბლოშვილი ორგანიზაციის საქმიანობაში 2013 წლის მარტიდან არ მონაწილეობს.

ჯაფარიძის თქმით, პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო.

„ახალგაზრდა ადვოკატების" ცნობით, „პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევდა, რომ ზურაბ ჯაფარიძის სადავო გამონათქვამი არ ამტკიცებდა მის ნამდვილობას და სადავო გამონათქვამები სარგებლობდა აზრის აბსოლუტური პრივილეგიით". ზემდგომმა ინსტანციამ კი ჯაფარიძეს სანქცია დააკისრა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია. „გირჩის“ ლიდერის თქმით, უწყება, სავარაუდოდ, მშობლების სახლში მიიტანეს და განხილვამ მის გარეშე ჩაიარა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ამბობენ, რომ ზურაბ ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღის ღონისძიება ვალდებულების უზრუნველყოფამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, ჯაფარიძე ორგანიზაციის სასარგებლოდ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

„არ ვიცი ყველა ანგარიშს რამდენად დაედო ინკასო, მაგრამ ერთის შესახებ შეტყობინება მივიღე“, - გვითხრა ზურაბ ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG