Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუგუტიანთკარში ე.წ. სასაზღვრო ძელები სოფლის მცხოვრებთა ბაღებშიც გამოჩნდა


გუგუტიანთკარი
გუგუტიანთკარი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში განაგრძობენ ე.წ. საზღვრის გავლებას.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, სატვირთო ავტომაქანით მიტანილი ძელებით ე.წ. საზღვარს ნიშნავენ სოფლის იმ ნაწილში, სადაც ადგილობრივ მცხოვრებს, ლევან გუგუტიშვილს სათავსო ჰქონდა. ის იძულებული გახდა კონსტრუქცია დაეშალა.

ძელებს დგამენ სოფლის მცხოვრებთა ბაღებშიც. ერთ-ერთმა მათგანმა, თინა გუგუტიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის ბაღში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვაშლის ხეები მოჭრეს.

გუგუტიანთკარში ძელები უკვე დადგმულია დაახლოებით ასი მეტრის მანძილზე. მოგვიანებით, საოკუპაციო ძალები ამ ძელებზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ. ამჟამად ღობე დადგმულია დაახლოებით 30 მეტრზე.

გუგუტიანთკარში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე არსებულ ვითარებას აფიქსირებენ.

ოკუპირებული ტერიტორიიდან ორი ნიღბიანი სამხედრო იღებდა გუგუტიანთკარში მყოფ ჟურნალისტებს.

20 აგვისტოს გუგუტიანთკარში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.

„გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ შეჩერდეს ეს უკანონო პროცესი. ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათთვის ხდება არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაციიის მიწოდება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლება 7 აგვისტოს დაიწყო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები, ადგილობრივ მცხოვრებთა მიწის ნაკვეთები და ბაღები და სოფლის სარწყავი არხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG