Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ


შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთო პოზიცია გამოხატა „ქართული ოცნების“ ინიციატივით საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ. ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის ფორმატით 5 და 6 აგვისტოს იმსჯელეს.

20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია მისასალმებელს უწოდებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ე. წ. რეგრესული წესით მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს პარტიების მიერ მიღებულ დაფინანსებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას.

რაც შეეხება ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტი შეიცავს არაერთ პრობლემურ საკითხს, რაც ამ სახით მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საარჩევნო გარემოს 2020 წლის არჩევნების წინ.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეგულაციები, რაც გამოხატვის თავისუფლებას და მედიას უკავშირდება. შემოთავაზებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედიას, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პერიოდში მედია საშუალებების მუშაობაზე“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მათივე შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესაცვლელად მომზადებული წინადადება არსებითად არ ცვლის საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტურ გავლენას და ვერ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით არსებულ გამოწვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებები არ ითვალისწინებს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების რეკომენდაციებს ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო დავები და აგიტაციის რეგულაციები.

„შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა, რათა საკანონდებლო ორგანოში ინიცირებამდე კანონპროექტი პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფდეს არჩევნების თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. ჩვენი მხრივ მზადყოფნას გამოვთქვამთ მონაწილეობა გავაგრძელოთ შემდეგ განხილვებში” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია და ლიბერალური აკადემია თბილისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG