Accessibility links

ქიბარ ხალვაში: „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი დაიწყო


"რუსთავი2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, და კომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას ტელეკომპანიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს. ის იმეორებს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტების ნაწილს, მაშინ როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული.

ხალვაში ამბობს, რომ დღეს ყველაფერს აკეთებს არხის რეაბილიტაციისთვის.

"ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ "რუსთავი 2"-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ "კურიერის" დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს"- წერს ხალვაში.

მისივე სიტყვებით, "ბევრმა ჟურნალისტმა მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, არხის დატოვებასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი მალე დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი2“ არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა.“

ხალვაში ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს ჟურნალისტებზე ბულინგსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაშიც ადანაშაულებს: "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანსური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო"

ხალვაშის თქმით იმ ჟურნალისტებს, რომლებიც "რუსთავი 2"-ში მუშაობდნენ, მან სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა შეთავაზა, "რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას".

მისივე განმარტებით "მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღქმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა."

ქიბარ ხალვაშისთვის ცხადია, "რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც... ნიკა გვარამია მის პატრონთან, სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, "რუსთავი 2"-სთვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია" - წერს ხალვაში და აგრძელებს:

"წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტები - სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა. ასევე უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომლებისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად.

სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი2“ არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ!"- ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში, რომელიც „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე. ასევე განაცხადა, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გათავისუფლდებოდნენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად სალიამ "ინტერესთა კონფლიქტი" დაასახელა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. 21 აგვისტოდან რუსთავი ორის ეთერში მხოლოდ მხატვრული ფილმები და სერიალები გადის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG