Accessibility links

კორძაძის თქმით, პროკურატურამ საკუთარი საქმე დაამთავრა და არ აინტერესებს, რა მოხდება სასამართლოში


„პროკურატურამ ამ ბრალით საკუთარი საქმე დაამთავრა. სასამართლოში რა მოხდება, დიდი ალბათობით შეიძლება არც აინტერესებდეთ“, - ასე შეაფასა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად ქორიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალდების დაზუსტება.

კორძაძის შეფასებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აბსურდული ბრალდება წარუდგინეს და ამავე საქმეს მოარგეს ავთო წერეთელი.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის ქმედებების შედეგია ის, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე აღარ არიან TBC ბანკის ხელმძღვანელობაში, მამუკა ხაზარაძე აღარ არის ანაკლიის პორტის პროექტის ხელმძღვანელობაში და მათი ანგარიშები დაყადაღებულია. „ეს არის მიზანი“, - თქვა ბრალდებულების ინტერესების დამცველმა.

კორძაძის ინფორმაციით, დაზუსტებულ ბრალდებაში არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ 2-3 ადგილზე ჩაამატეს ავთო წერეთელი.

იურისტი პროკურატურის სქემას ასე განმარტავს: „თითქოს ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ თავს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომ დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. ეს არის მთელი აბსურდის თეატრი. მერე გრძელდება იმით, რომ, რაც მე მოგიყევით, ეს ფულის გათეთრება არ არის. მათი ლოგიკით არის თაღლითობა, მაგრამ იმის გამო, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო და სურდათ, რაიმე ბრალი წაეყენებინათ, მიაწებეს ფულის გათეთრება.

გუშინწინ წამოსცდა პროკურატურას, რისთვის დასჭირდა ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ასეთი ფორმით ყადაღის დადების შესაძლებლობას, როდესაც არაფრის მტკიცება არ გჭირდება. ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის. ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებს და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს“.

ავთო წერეთლისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, 22 აგვისტოს ბრალდების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული იყვნენ TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG