Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა რუსეთს გაეროში მოსთხოვა განმარტება სევეროდვინსკთან მომხდარ აფეთქებაზე


აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში ჯონათან კოენი
აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში ჯონათან კოენი

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დასამარებაში.

უშიშროების საგანგებო სხდომა რუსეთის და ჩინეთის მოთხოვნით დაინიშნა მას შემდეგ, რაც 18 აგვისტოს აშშ-მა საშუალო მანძილის ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა.

ამ ტიპის რაკეტების გამოცდა აკრძალული იყო აშშ-ის და საბჭოთა კავშირის მიერ მიღწეული შეთანხმებით, რომელიც აშშ-მა 2 აგვისტოს დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი შეთანხმებას უკვე წლებია არღვევს.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, დმიტრი პოლიანსკიმ აშშ თვალთმაქცობაში დაადანაშაულა. რუსი დიპლომატის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ვაშინგტონმა ახალი რაკეტა გამოსცადა შეთანხმების დატოვებიდან 16 დღეში, ადასტურებს, რომ ხელშეკრულება სწორედ აშშ-მა დაარღვია.

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯონათან კოენმა პოლიანსკის შეახსენა, რომ შეთანხმება პირველად რუსეთმა დაარღვია რამდენიმე წლის წინ, ევროპისკენ მიმართული ფრთოსანი რაკეტების განთავსებით.

ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვისგან მოითხოვა განმარტება არხანგელსკის ოლქში მომხდარი იდუმალი აფეთქების შესახებ. „რა მოხდა რუსეთში 8 აგვისტოს? რატომ მოხდა აფეთქება? რა სისტემაზეა საუბარი და რა მიზნით შეიქმნა ეს სისტემა?“ - მიმართა კოენმა პოლიანსკის. რუსეთის წარმომადგენელს ამ შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

რუსეთის არხანგელსკის ოლქში, სევეროდვინსკის პორტთან 8 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციის, "როსატომის" 5 თანამშრომელი.

რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ უთქვამს, რას ცდიდნენ ახლომდებარე სამხედრო პოლიგონზე. "როსატომში" განაცხადეს, რომ მისი თანამშრომლები ახალი სპეციალური აგრეგატის გამოცდისას დაიღუპნენ. აფეთქების რაიონში მომატებული იყო რადიაციული ფონი. დასავლეთში მიიჩნევენ, რომ რუსეთს გამოცდის დროს აუფეთქდა ახალი ფრთოსანი რაკეტა ბირთვული დანადგარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG