Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა უფლებების დამცველები - "აიკრძალოს სახელფასო დისკრიმინაცია!"


ქალთა უფლებების დამცველი 4 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს აკრძალოს სახელფასო დისკრიმინაცია.

„დღეიდან - 23 აგვისტოდან მოყოლებული საქართველოში ქალები წლის ბოლომდე უფასოდ მუშაობენ, მაშინ როცა კაცები ჩვეულებრივ იღებენ ანაზღაურებას“, - აღნიშნულია "ქალთა მოძრაობის" და კიდევ სამი ორგანიზაციის („საფარი“, „ქალთა მზერა“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“) განცხადებაში, რომელიც საქართველოში ქალისა და კაცის საშუალო ხელფასებს შორის მკვეთრ სხვაობას ეხება.

„„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში ქალისა და კაცის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა 36%-ია, რაც ნიშნავს, რომ კაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ ერთ ლარზე, იგივე ძალისხმევის გაწევის მიუხედავად, ქალი მხოლოდ 64 თეთრს გამოიმუშავებს“, - სწორედ ამ ფაქტობრივ სხვაობაზე დაყრდნობით აცხადებენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რომ დღეიდან წლის ბოლომდე საქართველოში ქალები უფასოდ მუშაობენ.

ქალისა და კაცის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის ეფექტზე განცხადებაში წაიკითხავთ:

„კვლევებით დასტურდება, რომ მაღალი სახელფასო სხვაობა პირდაპირ ზრდის ეკონომიკურად არააქტიური ქალების რაოდენობას; სახელფასო სხვაობის მაღალი მაჩვენებელი ცუდად აისახება ბავშვთა სიღარიბეზე - რაც უფრო ღარიბია დედა, მით უფრო გაჭირვებაში უწევს ცხოვრება ბავშვს; სახელფასო სხვაობა ქალებს ეკონომიკურად დამოკიდებულს ხდის ოჯახზე, რაც თავის მხრივ ზრდის ქალზე ძალადობის რისკს“.

სახელფასო სხვაობის მიზეზებს შორის ჩამოთვლილია: სახელფასო დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე გენდერის ნიშნით; აუნაზღაურებელი საშინაო შრომის ტვირთი; “შუშის ჭერი”, ანუ უხილავი ბარიერები დაწინაურებაში და სამსახურების დაყოფა ქალურ და კაცურ სამუშაოებად და სექტორებად.

„ქვეყანაში არსებული სიღარიბის ფონზე გაუმართლებელია ეკონომიკურად არააქტიური ქალების მაღალი დონე (საქსტატის მონაცემებით ქალების 42% ეკონომიკურად არააქტიურია). მთავრობამ უნდა უზრუნველყოს არადისკრიმინაციული სახელფასო და სამუშო პირობები, რაც გამოიწვევს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას“.

სახელფასო დისკრიმინაციის აკრძალვის გარდა, ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ:

შეიქმნას სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს სახელფასო სხვაობის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლის მექანიზმებს;

სახელმწიფომ მოიზიდოს და განახორციელოს ინვესტიციები სოციალური ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რაც ქალების საშინაო ტვირთის გადანაწილებას შეუწყობს ხელს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს;

შეიქმნას დიასახლისებზე და ეკონომიკურად არააქტიურ ქალებზე მორგებული პროფესიული გადამზადების პროგრამები;

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აიღოს პასუხისმგებლობა, შეიმუშაოს და გაგვაცნოს ქალების ეკონომიკური გაძლიერების სტრატეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG