Accessibility links

ხაჯიმბამ ნიკარაგუის ელჩისგან "რწმუნებათა სიგელები" მიიღო


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ნიკარაგუის მიერ ელჩად დანიშნულმა ალბა აუსენა ტორეს-მეხიამ „რწმუნებათა სიგელები“ გადასცა დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე 23 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხაჯიმბა ტორეს-მეხიას დაპირდა სრულ მხარდაჭერას და თანადგომას, რათა მისი საქმიანობა შედეგიანი იყოს და ემსახურებოდეს აფხაზეთ-ნიკარაგუის კავშირების განმტკიცებას.

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ნიკარაგუამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით მხარი დაუჭირა აფხაზი ხალხის სწრაფვას თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. ხაჯიმბამ „აფხაზეთის დიდი მეგობარი“ უწოდა ნიკარაგუის პრეზიდენტს, დანიელ ორტეგას. დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, დიდად აფასებენ გაეროში ნიკარაგუის მხარდაჭერას.

ამავე ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალბა აუსენა ტორეს-მეხიამ განაცხადა, რომ ოცნებობს აფხაზური ენის შესწავლაზე, რათა „ოდესმე ორიგინალში წაიკითხოს შესანიშნავი პოეტის ბაგრატ შინკუბას ლექსები.“

მოსკოვის მოკავშირე ნიკარაგუამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 3 სექტემბერს აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG