Accessibility links

პაატა სალიას პასუხი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, რომლებიც კუთვნილ ხელფასს ითხოვენ


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმში საჩივარი შეიტანა. ის მისი საქმის შესწავლას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს. ეკა კვესიტაძის ინტერესებს საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაცია იცავს.

საიას განცხადებით, ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე ,,რუსთავი 2“-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, თუმცა მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება.

„წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება. შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას“,- ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

ეკა კვესიტაძე ივლისის თვის სახელფასო ანაზღაურებას მოითხოვს. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, დისკრიმინაციულია კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვტლება მის მიმართ, ვინაიდან, ივლისის თვის ანაზღაურება მიღებული აქვს გადაცემაზე მომუშავე ჟურნალისტთა გუნდს, მას კი ანაზღაურება არ ჩარიცხვია.

ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ პაატა სალიასგან პასუხად, მიიღო, რომ ამ თემაზე 9 სექტემბერს დაელეპარაკება, როდესაც ეკა კვესიტაძის შვებულება დასრულდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინტერესების დასაცავად უკვე მიმართეს „რუსთავი 2“-ის ყოფილმა ჟურნალისტებმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა და ნოდარ მელაძემ, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, თავისი ინტერესების დასაცავად მიმართვას ასევე გეგმავს გიორგი გაბუნიაც.

ნანუკა ჟორჟოლიანის სიტვებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიასთან მიმოწერის დამადასტურებელი ინფორმაციაც აქვს შენახული, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კუთვნილ ხელფასს მას ტელევიზიის ამჟამინდელი მფლობელის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილების საფუძველზე არ უხდიან.

20 ივნისს რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნოდარ მელაძემ თქვა, რომ, მას არ აქვს აღებული ივნისის ხელფასი.

„პაატა სალიამ მიიღო გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის დავალებით და გაყინა ჩემი ხელფასი. მე ამ დროისათვის ივნისის ხელფასიც არ მაქვს აღებული. მათგან პასუხებს ვიღებდი, რომ ხელფასი იქნებოდა დღეს-ხვალ და ა.შ.“

პაატა სალია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება დაწერილი არ არის და ეკა კვესიტაძე მის კუთვნილ ხელფასს მიიღებს, როდესაც ის შვებულებიდან დაბრუნდება და საბოლოო ანგარიშწორება მოხდება. ასევე ხელფასს მიიღებს ნანუკა ჟორჟოლიანიც.

„სიმართლე არ არის, რომ რამდენიმე ადამიანს არ აქვს ხელფასი აღებული, ბევრი ადამიანია, ვისაც ხელფასი არ აუღია, კომპანიაში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. საკმარისი თანხები არ იყო. მე მათ ვუთხარი, რომ ხელფასებს მიიღებენ, ხელფასებით მანიპულირებას არ ვაპირებ“,- ამბობს პაატა სალია.

მისი თქმით, ჯერ გასარკვევია მიიღებენ თუ არა ხელფასებს ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია. პაატა სალიას თქმით, ამ ადამიანებს, შეიძლება კომპანიის მიმართ ჰქონდეთ ფინანსური ვალდებულება, რასთან დაკავშირებითაც სამოქალაქო დავის დაწყებას გეგმავს კომპანიის მენეჯმენტი.

„ეს უკვე კომპანიის უფლებამოსილებაა შეუჩეროს დროებით ხელფასები და იდაოს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული. შეიძლება მივცეთ ხელფასები და ისე ვიდაოთ. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვისაც ეკუთვნის ხელფასი აუცილებლად მიიღებს, არავის არ აქვს დისკრიმინალური განწყობები“,- აცხადებს პაატა სალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG