Accessibility links

მარატ კულახმეტოვი: რუსეთის მეოთხე ბაზა უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას


„რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩი მარატ კულახმეტოვი. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „რეს“-ი.

კულახმეტოვის თქმით, საქართველოს თანამშრომლობა ნატოს წევრ ქვეყნებთან, ამერიკასთან, რუსეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრეაგირებთ. მეოთხე სამხედრო ბაზა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა დისლოცირებული, რესპუბლიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხოლო რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო სამმართველო საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარს აკონტროლებს. ჩვენი თანამშრომლობის ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელთა და შესაბამისი სტრუქტურების კონტროლს ქვეშაა“, - განაცხადა კულახმეტოვმა.

მისი თქმით, 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული დასკვნები გამოტანილია:

„მთავარია, რომ თერთმეტი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობაა, ადამიანებს არ ესმით სროლის ხმა, საღამოობით ქუჩაში ბევრი ხალხია, ბავშვები მშვიდად თამაშობენ. ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნავს მარატ კულახმეტოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG