Accessibility links

ბაჩანა შენგელია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს


„ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება. საქმის შეწყვეტა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი პროკურატურის მხრიდან არ უშველით“, - ასე ეხმაურება „ფეისბუკზე“ ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია პროკურატურის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებას გარდაცვლილი დირექტორის საქმის შეწყვეტის შესახებ.

როგორც ის წერს, პროკურატურამ გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანა და შეგნებულად დააგვიანეს მთავარი მტკიცებულებების ამოღება:

„განცხადებას შეგნებულად არ ვაშეარებ, სამარცხვინო ტყუილების ერთობლიობაა და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მრცხვენია ასეთი გენერალური პროკურატურის არსებობის.

საქმის გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანეს, შეგნებულად დააგვიანეს მთავარი მტკიცებულებების (სათვალთვალო კამერების ჩანაწერების) ამოღება და მოგვიანებით გაანადგურეს, ექსპერტიზაზე არასრული მასალა გააგზავნეს, არ დაკითხეს მთავარი მოწმეები, არ დანიშნეს კალიგრაფიული ექსპერტიზა და არ შეასრულეს არაერთი პროცესუალური თუ საგამოძიებო მოქმედება.

აპრილში, როდესაც მასალებს გავეცანით, ცხადი გახდა, რომ საქმის გამოძიების შეწყვეტისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, უბრალოდ დაელოდნენ ,,შესაფერის დროს" გამორთულ რუსთავი 2-ს და ასე ქურდულად, წინასწარი შეტყობინების გარეშე ( ჟურნალისტებისგან გავიგე) განაცხადეს, რომ ამ საქმეს დამნაშავე არ ჰყავს. რომ მართალია ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც მანამდე პრაქტიკულად აწამეს, მაგრამ კანონი ფორმალურადაც არავის დაურღვევია“.

როგორც ბაჩანა შენგელია წერს, პროკურატურის გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და საქმეს დაემატა ახალი დამნაშავეები, პროკურორებისა და გამომძიებლების სახით:

„ისინი მთავარ დამნაშავეებთან - გახარია-ბატიაშვილთან და მათ ზონდერებთან ერთად აუცილებლად გასამართლდებიან.

ჩემი ბრძოლის მიმართულებით არაფერი შეცვლილა, დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ ამ საქმის გამოძიება, დამნაშავე მთავრობის ცვლილებაზე გადის, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს“.

23 აგვისტოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG