Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: „სავსებით შესაძლებელია“, პუტინი სტუმრად მიიწვიონ შემდეგ სამიტზე


გრძელდება „დიდი შვიდეულის“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების, სამდღიანი სამიტი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში.

25 აგვისტოს, სამიტის მეორე დღის დილით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილეს რუსეთის მიწვევის საკითხი შემდეგ სამიტზე. ტრამპის თქმით, „სავსებით შესაძლებელია“ სტუმრად იქნეს მიწვეული პუტინი შემდეგ სამიტზე, აშშ-ში. ამ განცხადებით ტრამპმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა იმ სახელმწიფოებთან, რომლებმაც რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გაიხმეს ყირიმის ანექსიის გამო.

სამიტის პირველ დღეს, 24 აგვისტოს, ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება, დაუბრუნდეს რუსეთი „დიდი შვიდეულს“. ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ახლა უფრო მეტი მიზეზი არსებობს, არ მიიღოს „დიდმა შვიდეულმა“ მოსკოვი თავი რიგებში. ის გამოვიდა წინადადებით, უკრაინა მიიწვიონ შემდეგ სტატუსზე სტუმრის სტატუსით.

დონალდ ტრამპმა გაავრცელა ტვიტერით განცხადება, რომელშიც ბრალი დასდო პრესას სამიტის უარყოფითად გაშუქებისთვის და წერდა, რომ ლიდერები ძალიან კარგად ეწყობიან ერთმანეთს. მან მაღალი შეფასება მისცა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან წინა დღის შეხვედრას. ტრამპმა 25 აგვისტოს ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონთან ერთად ისაუზმა და მას უწოდა „შესაფერისი ადამიანი იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს ბრექსიტი“.

სამიტში, რომელიც იმართება საკურორტო ქალაქ ბიარიცში, დონალდ ტრამპთან და ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთად მონაწილეობენ გერმანიის, კანადის, იტალიის და იაპონიის ლიდერები, მათთან ერთად კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, როგორც სტუმარი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან ქაშმირის თაობაზე. სტუმრად მიწვეული არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც.

სამიტზე, რომლის მონაწილეებს შორის აზრთა სხვადასხვაობას მოელოდნენ, ერთ-ერთი მთავარი თემაა - მსოფლიო ვაჭრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG