Accessibility links

საგარეო უწყება: აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე გერმანელების მეთვალყურეობა არაოფიციალურია


„რია ნოვოსტის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს მაღალ შეფასებას აძლევენ გერმანელი და ავსტრიელი მეთვალყურეები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან. სააგენტო იტყობინება, რომ აფხაზეთში საგანგებოდ ჩავიდნენ: გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი შტეფან კოიტერი, ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი გუნარ ლინდემანი და ვენაში სუვოროვის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელი პატრიკ პოპელი.

„იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ჩვენ ვიყავით, არჩევნები მართლაც დემოკრატიულად მიმდინარეობს, წნეხის გარეშე. განწყობა ყველგან მშვიდი და კეთილგანწყობილი იყო. უხეში დარღვევები არ შეგვინიშნავს“, - „რია ნოვოსტი“ კოიტერის სიტყვებს ციტირებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანელი დეპუტატების აფხაზეთში ჩასვლა ვერ ჩაითვლება გერმანიის დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტად. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ უთხრა „ინტერპრესნიუსს“, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულ გერმანელებს არა აქვთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნის ლეგიტიმაცია.

„გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთში გერმანიიდან დამკვირვებლების ჩასვლის შესახებ, თუმცა, ეს ვერ ჩაითვლება ოფიციალურად, რადგან კერძო ვიზიტით იმყოფებიან აფხაზეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები წარმოადგენენ სახელმწიფო უწყებას, მათ არ აქვთ არანაირი რწმუნება და ვერც ექნებათ სახელმწიფო უწყებიდან ამ „არჩევნებში“ რაიმე ფორმით დამკვირვებლად წარმოდგენაზე.

მოგეხსენებათ, რომ როდესაც სადამკვირვებლო მისიაში იმყოფება ესა თუ ის პირი, მას პირველ რიგში საკუთარი სტრუქტურიდან, ორგანოდან უნდა ჰქონდეს რწმუნება და ოფიციალურად უნდა იმყოფებოდეს იქ. მაგრამ ასე ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან წინასწარი კომუნიკაცია გვქონდა ყველა დედაქალაქში, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლებზე ინფორმაციამაც აფხაზურ პრესაში გაიჟღერა.

მივიღეთ პრევენციული ზომები და პარტნიორი ქვეყნები გავაფრთხილეთ, რომ არ მომხდარიყო რაიმე გაუთვალისწინებელი ქმედება. რაც შეეხება ჩინეთიდან დამკვირვებლების ყოფნას, ამას ამ მომენტისთვის ვერ დავადასტურებთ, არ არის ასეთი ინფორმაცია“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

კონსტანტინიდი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება ვენაში სუვოროვის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელი პატრიკ პოპელი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები დღეს (25 აგვისტოს) იმართება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს რამდენიმე ათეული მეთვალყურე ჰყავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული და დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებული რეგიონების წარმომადგენელთა გარდა, მეთვალყურეთა შორის არიან ასევე წარმომადგენლები ბელორუსიიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG