Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი: ზარიფთან შეხვედრა „დადებითი“ იყო, დისკუსია გაგრძელდება


 შეხვედრაზე ბიარიცში 25 აგვისტოს, მოჰამად ჯავად ზარიფის მიერ ტვიტერით გამოქვეყნებული ფოტო
შეხვედრაზე ბიარიცში 25 აგვისტოს, მოჰამად ჯავად ზარიფის მიერ ტვიტერით გამოქვეყნებული ფოტო

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა 25 აგვისტოს, რომ „დიდი შვიდიანის“ სამიტის კულუარებში, ქალაქ ბიარიცში საფრანგეთის ლიდერების და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის შეხვედრა „დადებითი“ იყო და დისკუსია, რომელშიც გერმანელი და ბრიტანელი კოლეგები მონაწილეობდნენ, გაგრძელდება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი მოულოდნელად ჩავიდა ბიარიცში, სადაც „დიდი შვიდიანის“ სამიტი იმართება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის მიწვევით.

ზარიფის იქ ჩასვლის ფონია ევროპის წამყვანი ქვეყნების მცდელობა, გადაარჩინონ ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანთან დაიდო 2015 წელს და რომელსაც შარშან გამოეყო აშშ.

ქალაქში, სადაც „დიდი შვიდიანის“ სამიტი იმართება, ჩასული არიან მსოფლიოს ეკონომიკურად მოწინავე შვიდი ქვეყნის ლიდერები.

მოჰამად ჯავად ზარიფი ​საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა სხვა ევროპელ კოლეგებსაც შეხვდა და მოგვიანებით ბიარიცი დატოვა.

გამგზავრებამდე ზარიფმა ტვიტერით დაწერა, რომ წინ რთული გზაა, მაგრამ ღირს, მას გავუდგეთო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზარიფის ბიარიცში ჩასვლის თაობაზე კომენტარი არ გააკეთა.

მაკრონი პარიზში შეხვდა მოჰამად ჯავად ზარიფს ორი დღის წინ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც ვაშინგტონი გავიდა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, შორის დადებული ბირთვული შეთანხმებიდან. აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს, რომლის ეკონომიკას დიდი ზარალი ადგება სანქციების გამო. ირანმა დაიწყო შეთანხმების ზოგიერთი პირობის შესრულებაზე უარის თქმა. სპარსეთის ყურეში მომხდარმა ინციდენტებმა ურთიერთობა კვლავ დაძაბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG