„რუსთავი 2“-ის ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი აცხადებს, რომ გარიგებას სთავაზობდნენ.
„ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა ეტაპობრივად ჩემი პრობლემების მოგვარება და ხელფასის 30%-იანი მატებაც. აბსოლუტურად გაურკვეველია, რამდენიმე დღის წინ სალიამ რა დამატოვებინა, როდესაც 19 ივლისის დილით, ანუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე რუსთავი 2. ეს ჩემმა ხელქვეითებმა და ზემდგომმა პირებმაც იცოდნენ. ისე, მათი თხოვნა, რომ შვებულება დამეწერა და ამ ფორმით წავსულიყავი, გავითვალისწინე. უკან მიბრუნებას რომ არ ვაპირებდი, ყველამ იცოდა“ - უთხრა გაზეთ „კვირის პალიტრას“ გიორგი ლაფერაშვილმა.
"რუსთავი 2"-ის ყოფილი პროდიუსერის თქმით, თუ ქიბარ ხალვაშს პრობლემა ჰქონდა სარედაქციო პოლიტიკასთან, შეეძლო თავიდანვე ეთქვა და საჭირო არ იყო ერთთვიანი კატა-თაგვობანა.
„თუ ასე ძალიან უნდა "კურიერი", რომლის შესახებაც თვალცრემლიანი ლაპარაკობდა თათბირებზე, გაუგებარია, ეს რა გაითამაშა? თავის დროზე, 2006 წელს, ისე მივედი მის ტელევიზიაში სამუშაოდ, სანამ არ წამოვედი, საჭიროდ არ ჩაუთვლია, გამარჯობა ეთქვა“,- განაცხადა ლაფერაშვილმა.
ის ამბობს, რომ ვერ მიიღებს ბრალდებას, თითქოს ვიღაცის ხელფასს ჭამდა, ტელეკომპანიის თანამშრომლებს კი შიოდათ. „მარტო თანხის გაცემის უწყისებს რომ აფრიალებენ, იმავე დღეს თანხის მიღების უწყისებიც ააფრიალონ. შავი პიარის აგორებას ცდილობენ. არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოს მივმართო საპასუხო სარჩელით პატივისა და ღირსების შელახვისთვის“ - უთხრა „კვირის პალიტრას“ ლაფერაშვილმა
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ 20 აგვისტოს გამოაცხადა, რომ „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო, სამსახურიდან გათავისუფლდნენ გიორგი ლაფერაშვილი, ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი და მზადდება სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო.