Accessibility links

რუსეთისთვის სულერთია ვინ გახდება "აფხაზეთის პრეზიდენტი"


რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ვლადიმირ ჯაბაროვი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ვინ გახდება „აფხაზეთის პრეზიდენტი,“ რუსეთი აფხაზეთთან „კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“ გააგრძელებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფმა ჯაბაროვმა სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ რუსეთმა აფხაზეთი ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა და მას შემდეგ მოსკოვის პოლიტიკა არ შეცვლილა.

„ჩვენ აფხაზეთს მივიჩნევთ მეგობარ სახელმწიფოდ და მთელ ძალისხმევას მივმართავთ იმისკენ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც განვითარდეს" - განაცხადა ჯაბაროვმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს 4 და დუმის 7 წევრი.

დუმის დეპუტატმა, ანდრეი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ „არჩევნები“ ღიად და პატიოსნად ჩატარდა, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ყველა უბანზე მეგობრულად ხვდებოდნენ და არაფერს უმალავდნენ არც საარჩევნო კომისიის წევრები და არც ადგილობრივი დამკვირვებლები.

25 აგვისტოს ჩატარებულმა კენჭისყრამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რადგან 9-დან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მიღება. მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.

საქართველო და მისი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG