Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პუტისა და ერდოანის შეხვედრის თემა სირია იქნება


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 27 აგვისტოს უმასპინძლებს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს და მათი მოლაპარაკების თემა იქნება სირიის ჩრდილოდასავლეთის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება.

"სწორედ ამ რთული სიტუაციის განხილვის მიზნით შეთანხმდნენ პრეზიდენტები მოსკოვში შეხვედრის გამართვაზე" - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 26 აგვისტოს.

ასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათი ათასობით ადამიანი გაიქცა თურქეთის საზღვრისკენ მას შემდეგ, რაც სირიის მთავრობის ძალებმა და მათმა მოკავშირე რუსეთმა აპრილში შეტევა დაიწყეს იდლიბზე - მეამბოხეთა უკანასკნელ ბასტიონზე ქვეყანაში.

ანკარა აცხადებს, რომ შეტევამ ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია და თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნა საფრთხე.

სირიაში 2011 წლის მარტში, მთავრობის ჯარების მიერ დემონსტრანტებზე შეტევის შედეგად კონფლიქტის დაწყების შემდეგ, თურქეთმა 3,6 მილიონ ლტოლვილზე მეტი მიიღო.

პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, პუტინს ესმის ერდოანის შეშფოთება, თუმცა ის არანაკლებადაა შეშფოთებული იდლიბიდან "ტერორისტული ელემენტების" შეტევის თაობაზე, რომლებიც უნდა განადგურდნენო.

იდლიბს ძირითადად აკონტროლებს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი, ალ-ყაიდის ყოფილი მოკავშირე სირიაში.

რეგიონს ფარავს დეესკალაციის ხელშეკრულება, რომელსაც შარშან მიაღწიეს რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა.

რუსეთი და ირანი კონფლიქტში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს, თურქეთი კი სხვადასხვა მეამბოხე ჯგუფს.

პესკოვის თქმით, პუტინი და ერდოანი 27 აგვისტოს ასევე განიხილავენ უკრაინის კრიზისს და მოსკოვსა და ანკარას შორის კავშირებს.

ანკარამ რუსეთისგან შეისყიდა S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, მიუხედავად მკვეთრი წინააღმდეგობისა მისი ნატოელი მოკავშირის, ვაშინგტონის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG