Accessibility links

თბილისში ჰოლივუდის კინოგადაღებების გამო რუსთაველის გამზირი დროებით დაიკეტა


Fast and Furious 9-ის ეპიზოდის გადაღება თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანია „UNIVERSAL PICTURES“-ი თბილისში განაგრძობს ფილმის, „Fast and Furious 9“-ის ეპიზოდების გადაღებას.

ვაჟა-ფშაველას გამზირის შემდეგ კინოგადაღებებმა თბილისის ცენტრალურ გამზირზე გადაინაცვლა.

27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირი დაიკეტა რესპუბლიკის მოედნიდან მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნამდე.“

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით იზღუდება ალექსანდრე ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც.

ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანთან დასაკავშირებლად კერძო ტრანსპორტი გაივლის მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩისკენ აუხვევს. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის გავლითაც.

დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N124 და N150, ასევე, მიკროავტობუსები N2, N19, N31, N41, N64, N72, N120, N133, 137, N141, N145 და N170 რუსთაველის გამზირიდან ჩაუხვევენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ეს ავტობუსები და მიკროავტობუსები უკანა მიმართულებითაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩით იმოძრავებენ.

N20 და N23 ავტობუსები, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით გია ჭანტურიას ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრაობენ, მოტრიალდებიან თავისუფლების მოედანზე, ბარათაშვილის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, რის შემდეგაც გაივლიან ხეთაგუროვის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდებიან.

N6, N10, N15, N118, N140 და N149 მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ, ჭანტურიას ქუჩის გავლით ათონელის ქუჩას დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

თბილისის მერია მოქალაქეებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

„Fast and Furious 9“ ეკრანებზე 2020 წლის 20 მაისს გამოვა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ვინ დიზელი და მიშელ როდრიგესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG