Accessibility links

ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა


გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

როგორც ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მას ჯერ არ ჩაბარებია პროკურატურის შუამდგომლობა. ის პროკურატურაში მისვლას რამდენიმე საათში გეგმავს.

კახა წერეთლის განცხადებით, მისთვის მედიიდან გახდა ცნობილი, რომ თითქოს, პროკურატურა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„ჩემთვის ჟურნალისტებიგან გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ითხოვს ნახევარ მილიონ ლარს. გაუგებარია, საიდან მოვიდა თანხის ეს ოდენობა, ვინაიდან, ამ ეტაპზე, ბატონი ავთოს სახელზე ქონება არ ირიცხება. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ არ ვეთანხმებით არანაირი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და სასამართლოში მოვითხოვთ, რომ ის დატოვონ აღკვეთის ღონისძიების გარეშე“, - აცხადებს კახა წერეთელი.

რომლის თქმითაც არ არსებობს, მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და არანაირი საფრთხე. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაც არ არსებობს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დანიშნულა.

ავთანდილ წერეთელი საქართველოში გამთენისას უნდა დაბრუნებულიყო, ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მისი ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, მას ჯერ არ ჰქონია ავთანდილ წერეთელთან კომუნიკაცია.

22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG