Accessibility links

ვატო წერეთელი - იწყება ახალი სერია, რომლის მიზანია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა


სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი, ვატო წერეთელიევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

ამის შესახებ ვატო წერეთელმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა. მისი სიტყვებით შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან 17:00 საათზეა დაგეგმილი.

ვატო წერეთელი, გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ პროცესს, სადაც ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

„3 საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა.

დღეს 17:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

არ გამოვა! „ტვ პირველი“ არ იყიდება! თავისუფლება არ იცვლება!“, - წერს წერეთელი.

გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა გირაოს სახით 500 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

როგორც ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, არ არსებობს, მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და არანაირი საფრთხე. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაც არ არსებობს.

“გაუგებარია, საიდან მოვიდა თანხის ეს ოდენობა, ვინაიდან, ამ ეტაპზე, ბატონი ავთოს სახელზე ქონება არ ირიცხება. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ არ ვეთანხმებით არანაირი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და სასამართლოში მოვითხოვთ, რომ ის დატოვონ აღკვეთის ღონისძიების გარეშე“, - აცხადებს კახა წერეთელი.

22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG