Accessibility links

ხაზარაძე: ხელისუფლებას ძალიან ეშინია, ჩვენ - არა, რადგან მეგობრები გვყავს 


ძალიან შეეშინდა ხელისუფლებას და ჩვენი პოლიტიკური დევნის პროცესში ჩართეს ანტიტერორისტული სამსახურები, - განაცხადა „TBC ჯგუფის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, პოლიტიკური დევნის ფარგლებში ანგარიშების დაყადაღება საქართველოში და ახლა უკვე ლონდონის დონეზე ამის მოთხოვნა, ხელისუფლების პანიკაზე მიუთითებს და მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეეშალოს პარტიის შექმნასა და ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებას.

„ეს მეთოდები, რომლებიც უკვე ერთი წელია არის ჩვენს მიმართ გამოყენებული და პოლიტიკური დევნისთვის იმ ანტიტერორისტული სამსახურების გამოყენება, რომელთა ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით, არის უკვე შიშის და აბსოლუტურად დიდი პანიკის საფუძველი. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია და გავაგრძელებთ ამას ყველაფერს...

რაც შეეხება იმას, თუ რასთან გვაქვს საქმე: ბიზნესმენისთვის ანგარიშის დაყადაღება და ყველა ანგარიშის გაჩერება ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მოვემსახურებით ვალებს, ვერ განვახორციელებთ უცხოურ თუ ადგილობრივ საკრედიტო მომსახურებას, იმ საბანკო კრედიტებს ვერ მოვემსახურებით, რომლითაც ჩვენ დღემდე ვაფინანსებდით და ვაფინანსებთ ანაკლიის პორტს.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, მათი გაგებით, ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, ვერ დავაფინანსებთ პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც ძალიან მალე შეგატყობინებთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივათ არაფერი.

რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც მეგობრობა ჰქვია და რომელიც ამ ხელისუფლებას არა ჰყავს... და ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში. ისინი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველანაირ მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ჩვენ ის კურსი, რომელიც ავიღეთ და შევპირდით ქართველ ხალხს, რომ ეს რეალობა - მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო რაღაცა ერთ ხელში, უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სახელმწიფო სტრუქტურებს ადანაშაულებენ მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების გაგრძელებაში.

27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და აცნობა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში და ბრიტანეთში მათი ფულადი სახსრები შესაძლოა, კრიმინალური წარმოშობის იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG