Accessibility links

ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებული უწყებების მხილებას იწყებენ


„გვინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, ამიტომ, მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს საფუძვლიანობასა და მიზნებთან მიმართებაში“ - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა თანადამფუძნებელთან, მამუკა ხაზარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა ითხოვს ხაზარაძის და ჯაფარიძის ბრიტანული საბანკო ანგარიშების დაყადაღებას.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ თქვა, დღეიდან მეგობარი ქვეყნების საელჩოების მეშვეობით იწყებენ მხილებას ყველა იმ სახელმწიფო სამსახურისა, რომელიც გამოიყენება „სრულიად კრიმინალური ხასიათის ქმედებებისთვის.“

„ჩვენ ვაპირებთ გადავდგათ ნაბიჯები იმდაგვარად, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვა ჩვენს საზოგადოებაში, ან საერთაშორისო საზოგადოებაში ამ კონკრეტული საქმის მიზეზებთან და შინაარსთან მიმართებაში“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლები მათ ყველაზე დიდ იარაღად ასახელებენ სიმართლეს და გამჭვირვალობას და გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს მოუწოდებენ პროცესში აქტიურად ჩართვისკენ.

„ძალიან სასარგებლო იქნება, თუკი ჩვენი მეგობარი ქვეყნების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან კრიმინალური და უსაფუძვლო ბრალდების შესწავლაში, რომელიც ჩვენს მიმართ იქნა წარმოდგენილი, შეთითხნილი საქმის არსში გაერკვევიან და თავიანთ დასკვნას დადებენ. ძალიან პრინციპულია, რომ ჩვენ არ შევხედოთ ამ საქმეს, როგორც ერთ-ერთ რუტინულ საქმეს, არამედ შევხედოთ როგორც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს, რომ არ დავუშვათ პროკურატურის, სასამართლოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყენება პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნის ინსტრუმენტად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გამოვრიცხოთ“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არ ეშინიათ, გამოწვევას იღებენ და აპირებენ უფრო აქტიურად გააგრძელონ ბრძოლა, რათა შეიცვალოს საქართველოში დღეს არსებული რეალობა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია და კლავს ქვეყნის მომავალს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ადანაშაულებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 24 ივლისს, ხოლო 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა 700 000 ლარის გირაო.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას სრულ აბსურდს უწოდებენ.

„დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ის არის ამ ქვეყნის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები. მე გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა და ჭაობი შეიცვალოს. მე გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე. და ისინი სახლში წავლენ“ - განაცხადა 26 ივლისს, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ, რომელიც სექტემბერში აპირებს პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას.

"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებთან ერთად ბრალდებულია კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ის თანამფლობელი ავთო წერეთელი. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მიერ სწორედ ამ კომპანიებისთვის გაცემული სესხის გამოყენებით განახორციელეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ავთო წერეთელი ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამაა. ვატო წერეთელი „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის მეწილეცაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG