Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუგუტიანთკარში ჩავიდნენ ჟენევის დისკუსიათა თანათავმჯდომარეები


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები ტოივო კლაარი (ევროკავშირი) და რუდოლფ მიხალკა (ეუთო) 28 აგვისტოს გუგუტიანთკარში ჩავიდნენ, სადაც საოკუპაციო რეჟიმი ღობეების გავლების პროცესს განაგრძობს.

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობას უხდის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს მეგზურობისთვის და ინფორმატიული ვიზიტისთვის სოფელ გუგუტიანთკარში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად გუგუტიანთკარში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია ტვიტერით გაავრცელა ერიკ ჰოგმაც. ის წერს, რომ გუგუტიანთკარში ჩასასვლელად და „ბორდერიზაციის“ პროცესის სანახავად, დიპლომატები ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის პატრულს შეუერთდნენ.

„ახალი ბარიერების აღმართვა საზოგადოების უფრო მეტად დაყოფას იწვევს. ეს საკითხი განხილული იქნება ხვალ IPRM-ის შეხვედრაზე ერგნეთში“, - წერს ერიკ ჰოგი.

28 აგვისტოს გამოქვეყნდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება, რომელიც სოფელ გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

თანათავმჯდომარეების - ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს - სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილი ვითარება ზრდის დაძაბულობას და ზღუდავს ადამიანების უფლებებს.

„გუგუტიანთკარში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადგილზე გაზარდა დაძაბულობა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით გამოიწვია შესაბამისი შედეგები ადილობრივი მოსახლეობისთვის.

როგორც ყველა ბარიერი, ახლადაღმართული კონსტრუქციები გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს იქ მცხოვრებ ადამიანებს, უკრძალავთ მათ საკუთარ ბაღებამდე მისვლას და საფრთხეს უქმნის სარწყავ წყალთან ხელმისაწვდომობას.

ჩვენი ვიზიტი ნაწილია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მცდელობისა გაუმკლავდნენ ამ და სხვა მოვლენების პოტენციურ შედეგებს ეუთოსა და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის (OSCE-EUMM) ეგიდით ერგნეთში 29 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის წინ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში.

ჩვენ გვაქვს კონტაქტი და გავაგრძელებთ კონტაქტში ყოფნას ყველა შესაბამის სუბიექტთან ამ და სხვა მწვავე საკითხებზე მათი ყურადღების მისაპყრობად და მოვუწოდებთ მათ სრულად და პასუხისმგებლიანად გამოიყენონ ყველა შესაძლო მექანიზმი კომუნიკაციისთვის, რათა გადაიჭრას ამჟამინდელი და სხვა პრობლემები“, - წერია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG