Accessibility links

დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში არც ამჯერად აღმოჩნდა


„პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულისთვის 34 ადამიანი შეიწყალა - ჩემი ძმა რომ ამ სიაში ყოფილიყო, დაგვიკავშირდებოდნენ და გვეტყოდნენ, შეწყალებულია და სახლში წაიყვანეთო. ფაქტია, ჩემთვის არავის დაურეკავს, რაც ნიშნავს, რომ უარი მივიღეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილამდე მან საქართველოს წინა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, თუმცა მაშინაც უარი მიიღო.

შეწყალების იმედი არც ამჯერად ჰქონდა, თუმცა მაინც სცადა:

„სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია ბიძინა ივანიშვილის გარეშე რამე გადაწყვეტილება მიეღო. ამჯერად მას საპატრიარქომაც უარი უთხრა, რადგან მათ ეშინიათ ჩემი ძმის გამოშვების“, - გვითხრა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზის ძმამ რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ ის არ აპირებს გაჩუმებას, გაასაჯაროებს ყველაფერს, რაც მისმა ძმამ იცის. სექტემბრიდან კი აქციებიც განახლდება.

„მე აღარ ვაპირებ იმ საიდუმლოს შენახვას, რასაც ჩემი ძმა დღემდე ინახავს და რის გამოც საპატიმროში ტყუილად ზის“, - გვითხრა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თებერვლის შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება.

ის 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. ეგრეთ წოდებულ „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გაგზავნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG