Accessibility links

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ჩორჩანასთან ქართული მხარის "უკანონო ქმედების" შეჩერებას მოითხოვს


მურატ ჯიოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ერგნეთის შეხვედრაზე მოითხოვენ, რომ ქართულმა მხარემ ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან გაიყვანოს შეიარაღებული ფორმირებები და უკანონო მშენებლობა შეწყვიტოს. ამის შესახებ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრის დაწყებამდე სააგენტო „რეს“-ს განუცხადა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა, მურატ ჯიოევმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება „უკანონოს“ უწოდებს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანის ტყეში გზის გაყვანას და პოლიციის საგუშაგოს განთავსებას.

28 აგვისტოს, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მიმართა და გააფრთხილა, რომ ქართული მხარის ქმედება ახალი შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს ქმნის, ამიტომ აუცილებელია მასზე ზეწოლა დაძაბულობის ესკალაციის შესაჩერებლად.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისიც განაცხადა, რომ შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში „სამხრეთ ოსეთი“ მიიღებს საპასუხო ზომებს „რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.“

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა ესაზღვრება ოკუპირებულ სოფელ წნელისს, რომელსაც ოსური მხარე უისტად მოიხსენიებს. 28 აგვისტოს, ჩორჩანის მახლობლად, საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მათი ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG