Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელია ჩორჩანის გამო საოკუპაციო რეჟიმის პროტესტი


ერგნეთი
ერგნეთი

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია პროტესტი, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება გამოთქვამს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო.

„ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა ჩვენი უფლებაა და პროტესტი მიუღებელია“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ზვიადაძემ. ის ერგნეთში მონაწილეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაში.

ზვიად ზვიადაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ატარებს იმ სამუშაოს, რომელსაც საჭიროდ თვლის.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ერგნეთში, დღევანდელ შეხვედრაზე მოითხოვენ, რომ ქართულმა მხარემ ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან გაიყვანოს შეიარაღებული ფორმირებები და უკანონო მშენებლობა შეწყვიტოს. „უკანონოდ“ მიჩნეულია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანის ტყეში გზის გაყვანა და პოლიციის საგუშაგოს განთავსება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა ესაზღვრება ოკუპირებულ სოფელ წნელისს, რომელსაც ოსური მხარე უისტად მოიხსენიებს. 28 აგვისტოს, ჩორჩანის მახლობლად, საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მათი ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა.

რამდენიმე საათით ადრე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მიმართა და გააფრთხილა, რომ ქართული მხარის ქმედება ახალი შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს ქმნის, ამიტომ აუცილებელია მასზე ზეწოლა დაძაბულობის ესკალაციის შესაჩერებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG